ახალი ამბები
25 წლის წინ დაკარგული მებრძოლი კობა ხეჩიკაშვილი სოფელ დოესიდან იყო
რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთიდან 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი გადმოასვენეს. იდენტიფიცირების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ნეშტი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში დაბადებულის, კობა ხეჩიკაშვილისაა.

კობა თეიმურაზის ძე ხეჩიკაშვილი დაიბადა 1973 წლის 21 აგვისტოს კასპის რაიონის სოფელ დოესში. 1981 წელს დაამთავრა დოესის საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო თბილისის პროფ. ტექნიკურ სასწავლებელში ძრავის შემკეთებლის სპეციალობით. 1992 წლის 11 ივნისს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. კობა ხეჩიკაშვილი იყო რიგითი. იბრძოდა ცხინვალში, შემდეგ - აფხაზეთში, გუმისმთაზე, კოდორთან. დაიღუპა სოხუმში 1993 წელს რკინიგზის სადგურთან ბრძოლების დროს.

დევნილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ძმათა სასაფლაოზე დაიკრძალებიან: თამაზ ხარბედია – მინისტრის მოადგილე, მიხეილ კოკაია – ჟიულ შარტავას მრჩეველი სამხედრო საკითხებში, ზურაბ ძამუნაშვილი – მებრძოლი, გელა ფარქოსაძე – მებრძოლი, გოჩა შინჯიკაშვილი – მებრძოლი, გიორგი არზუმანოვი – მებრძოლი, კობა ხეჩიკაშვილი – მებრძოლი, ნუგზარ ფრიდონიშვილი – მებრძოლი, ზაზა მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), ერმილე მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), სიმონ ჟორჟოლიანი – მებრძოლი (წყალტუბო), მუხრან თუთისანი – მებრძოლი (ხონი), დავით ღლონტი – მებრძოლი (ლანჩხუთი), იმედა კოპალიანი – მებრძოლი, დავით წურწუმია – მებრძოლი, შოთა ჯღამაძე – ექიმი, ნუგზარ მილორავა – მებრძოლი, ასკალო მანაგაძე – მშვიდობიანი მოქალაქე (ქუთაისი), გელა თურმანიძე – მებრძოლი (საჩხერე), ალექსანდრე ზაალიშვილი – მებრძოლი, მუხრან მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), გიორგი ზარქუა – მშვიდობიანი მოქალაქე (ფოთი).

დღეს სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. 16:00 საათზე კი მებრძოლები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები