ახალი ამბები
კოპანიის მუშებს სადგურის დასახლებაში მშენებარე ბაღის ტერიტორია დაატოვებინეს
სადგურის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა შეწყდა. კომპანიამ და მისმა თანამშრომლებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. ადგილზე მხოლოდ სამშენებლო მასალების ნაწილი დარჩა.

მარაბდელის ქუჩის მიმდებარედ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა 2017 წლის გაზაფხულზე დაიწო და 6 თვეში უნდა დასრულებულიყო. გორის მერიაში ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, შესაბამისად, ხელშეკრულება შეწყდა.

გორის მერის მოადგილის, გელა კაპანაძის განცხადებით, მერია იმ კომპანიასთან თანამშრომლობას აღარ აპირებს, რომელმაც სამუშაოების დასრულებისთვის ვადების გადაწევა 3 - ჯერ მოითხოვა, პროცესების გაჭიანურებით კი ადგილობრივი მოსახლეობა დაზარალდა.

,,ჯერ გვითხრეს, რომ შემოდგომით გახსნიდნენ აქ ბაღს, მერე გასაზხულისთვის გადაიდოო, ახლა ვირაცეები მოვიდნენ და წაიღეს ამ ეტრიტორიიდან სამუშაო იარაღები, როგორც ჩანს აღარ გრძელდება სამუშაოები და ისევ ლოდინი მოგვიწევს.. საერთოდ თუ ეღირსება ამ ბაღს ბოლომდე აშენება აღარც გვჯერა“-ამბობს ადგილობრივი ლენა აკოფიანი.

,,კომპანიასთან, რომელიც სადგურის საბავშვო ბაღს აშენებდა, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო გორის მერია წყვეტს ხელშეკრულებას. ახლა გვაქვს სწორედ კომისიის წევრებთან შეხვედრა და ვმსჯელობთ ამ საკითხზე. -აცხადებს გელა კაპანაძე.

ბაღების გაერთიანების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ ახალი ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება და სამუშაოებს გამარჯვებული კომპანია გააგრძელებს.

,,ამ ყველაფერს თავისი ეტაპები აქვს და რა თქმა უნდა ეს მოითხოვს დროს. მართალია აქამდე უნდა ამოქმედებულიყო უკვე ეს ბაღი, მაგრამ კომპანიის უპასუხისმგებლობის გამო ამ რეალობის წინაშე აღმოვჩნდით“-განმარტავს ლია კოვზიაშვილი.

მერიამ საჯარიმო სანქციები აამოქმედა, რომლის გადახდა, პირგასამტეხელოს სახით, კომპანიას მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში თანხის ამოღება სასამართლოს გზით მოხდება.

გორის მერია ახალი ტენდერის გამოცხადებას აპირებს. ჯამში, ბაღისთვის 560 000 ლარი იყო გამოყოფილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები