ახალი ამბები
ბადრი ნანეტაშვილი კომბინატის დასახლებაში ,,აი იას" ან გოგებაშვილის ძეგლის დადგმას ითხოვს
გორის საკრებულოს წევრი ბადრი ნანეტაშვილი კომბინატის კულტურის ცენტრის წინ ,,აი იას" ან იაკობ გოგებაშვილის ძეგლის დადგმას ითხოვს. ამის შესახებ ,,შენების მოძრაობის" წევრმა საკრებულოს 2018 წლის 28 აპრილს მისწერა.

ბადრი ნანეტაშვილის ინიციატივა საკრებულოს აპარატმა გორის მერიას განსახილველად გადაუგზავნა. გორის მერიიდან მიღებული პასუხით ირკვევა, რომ ფინანსური რესურსის მოძიება მომდევნო წლისთვის გახდება შესაძლებელი.

,,შენების მოძრაობის' გორის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მომავალი წლისთვის საკითხის გადადება მიუღებელია.

ქალაქ გორში იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი, სტალინისა და დიმიტრი ამილახვრის ქუჩების გადაკვეთაზე დგას. ,,შენების მოძრაობამ" წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ვარიანში ან გორში, დადგამდა არა ბიუსტს, არამედ ძეგლს.

2017 წლის არჩევნებში ,,შენების მოძრაობა" დამარცხდა, ხოლო 40-კაციან საკრებულოში მისი პარტიიდან მხოლოდ სიის პირველი წევრი ბადრი ნანეტაშვილი (ტელეკომპანია ,,თრიალეთის" მფლობელი) მოხვდა. ბადრი ნანეტაშვილი საკრებულოში ,,ევროპული საქართველოს" წევრებთან ფრაქციაში გაერთიანდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები