ახალი ამბები
,,გორმედის” ქსელი ფართოვდება - ხაშურსა და ქარელში ახალი კლინიკები იხსნება
მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი ,,გორმედი” რეგიონის მოსახლეობას კიდევ უფრო მეტ სერვისს სთავაზობს. მალე, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრები ხაშურსა და ქარელშიც ამოქმედდება.

ხაშურში, ფარნავაზის ქუჩაზე და ქარელის შესასვლელში ახალი კლინიკების მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ინტერიერის მოპირკეთების სამუშაოები, პარალელურად, დაიწყო ,,გორმედის“ ქსელის ამ ორი კლინიკის სამედიცინო აპარატურით აღჭურვა. კეთილმოეწყობა კლინიკების მიმდებარე ტერიტორიები, სკვერები, საოპერაციო, საპროცედურო კაბინეტები თუ სტაციონარის პალატები. პალატები აღჭურვილია ინდივიდუალური სველი წერტილებით, ჰაერთა ნაკადის ცვლის თანამედროვე სისტემებით. სტაციონარში მოთავსებული თითოეული პაციენტისთვის ჟანგბადის მიწოდების ინდივიდუალური წერტილებია დამონტაჟებული.

რა პროფილებს შესთავაზებს მოსახლეობას რეგიონის ახალი კლინიკები _ სამედიცინო ცენტრის გეგმებზე ,,გორმედის“ გენერალური დირექტორი გია სვანაძე საუბრობს:

,,რაც შეეხება ,,გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკას, პრაქტიკულად, ყველა სამედიცინო პროფილი იქნება წარმოდგენილი როგორც მოზრდილთა, ასევე, პედიატრიული მიმართულებით. ხაშურის ცენტრალური კლინიკა მოიცავს როგორც გეგმიურ ამბულატორიულ, ასევე, მწვავე ამბულატორიულ მიმართულებასაც და მოსახლეობას, ფაქტობრივად, ყველა სამედიცინო სერვისს მივაწვდით: გეგმიური სტაციონარული მკურნალობა, მწვავე სტაციონარული მიმართულება, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საოპერაციოები, კრიტიკული მედიცინის განყოფილება, ემერჯენსის მომსახურება, თერაპია, კარდიოლოგია, ნევროლოგია, ქირურგია, ტრავმატოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, მეან-გინეკოლოგია;ოფთალმოლოგია, რაც შეეხება დიაგნოსტიკურ ნაწილს, დამონტაჟდება კომპიუტერული ტომოგრაფი, ციფრული ვერსიის რენტგენი, გათვალისწინებულია სრული ლაბორატორიული მომსახურება.

ხაშურის სამედიცინო ცენტრში, პაციენტებს, ადგილობრივი კვალიფიციური მედიკოსების გარდა, ქვეყნის სამედიცინო სექტორში დასაქმებული მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმები გაუწევენ მომსახურებას".

ხაშურის ცენტრალური კლინიკა 100 ერთეულ სტაციონარულ საწოლზეა გათვლილი, რაც შეეხება ამბულატორიულ მომსახურებას, ერთდროულად, დაახლოებით, 300-მდე ვიზიტორის მიღებას შეძლებს.

,,რაც შეეხება ქარელს, ,,გორმედის“ ქსელის ახალი კლინიკა, რომელიც ქარელში სულ მალე ამოქმედდება, ამბულატორიულ და სტაციონარულ მიმართულებებს მოიცავს. 

ქარელის სამედიცინო ცენტრის სტაციონარი გათვლილია 50 საწოლზე, დამატებით კი, გათვალისწინებულია მწვავე-გადაუდებელი ემერჯენს მომსახურება. კონკრეტულ მიმართულებებზე კი, მოგახსენებთ, რომ წარმოდგენილი იქნება ზოგადი თერაპია, ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის განყოფილება, რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიური სამსახური, კარდიოლოგიური და ნევროლოგიური პროფილები, უროლოგია, ნეფროლოგია, ოფთალმოლოგია, ენდოკრინოლოგიური სამსახური, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, ჰემატოლოგია – ფაქტობრივად, პაციენტები ყველა ტიპის სამედიცინო სერვისს მიიღებენ. რაც შეეხება გინეკოლოგს, პაციენტებს მოემსახურება ამბულატორიულ ნაწილში, თუმცა, აქვე გეტყვით, რომ სურვილის და რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით, საპროექტო მოცემულობაში შეტანილია ასევე სამეანო სამსახური და მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნის და სურვილის შემთხვევაში, ამ სამსახურის ამოქმედება არ წარმოადგენს პრობლემას (შიდა ინფრასტრუქტურა უკვე გათვალისწინებულია, ინვენტარიც მოძიებულია).

დასაქმდებიან არა მხოლოდ ქარელში ამჟამად მოქმედი ექიმები, არამედ, გორიდან და თბილისიდან ჩამოსული კვალიფიციური სპეციალისტებიც. ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ ქარელს მივაწოდოთ საუკეთესო ხარისხის სამედიცინო მომსახურება. მაგალითად, აქ საერთოდ არ იყო ანგიოლოგი, ინვაზიური კარდიოლოგი, ნეიროქირურგი, ოტორინოლარინგოლოგი, პროქტოლოგი, ონკოლოგი, ჰემატოლოგი, ონკოჰემატოლოგი, ამიტომ, ახალი კლინიკა ყველა ამ მიმართულებას მოიცავს და როტაციის პრინციპით, სამედიცინო ცენტრის სატრანსპორტო საშუალებით მოხდება ქარელში აღნიშნული და სხვა პროფილის ექიმების ჩამოყვანა“, – აცხადებს ,,გორმედის“ გენერალური დირექტორი.

ქარელის სამედიცინო ცენტრში იფუნქციონირებს ლაბორატორია, სადაც ყველა აუცილებელი ლაბორატორიული კვლევა, რენტგენოლოგიური კვლევა, გასტროსკოპია, ენდოსკოპიური კვლევები ჩატარდება. რაც შეეხება მაღალტექნოლოგიურ კვლევებს, მაგალითად – კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ანგიოგრაფს, ,,გორმედი“ ევროპის წამყვანი კლინიკების მიერ წლების წინ დანერგილ მეთოდს გამოიყენებს (ცენტრალური და თანამგზავრი კლინიკების მოდელი) და საჭიროების შემთხვევაში, კლინიკის კუთვნილი რეფერალური ტიპის მანქანით მოხდება პაციენტის რეფერირება სამედიცინო ქსელის ცენტრალურ კლინიკაში, ანუ გორში, სადაც პაციენტს აღნიშნული სერვისის მიღების შესაძლებლობა ექნება. ასევე, პაციენტის რეფერირება მოხდება გორის სამედიცინო ცენტრში იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტს ესაჭიროება, დავუშვათ, კარდიოქირურგიული ჩარევა.

ქარელის და ხაშურის კლინიკების დაკომპლექტების პარალელურად, გრძელდება სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის“, სამედიცინო აპარატურის განახლება და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა. ,,გორმედის“ კლინიკური დირექტორის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა, ენდოვასკულარული კვლევა, რომლის საშუალებითაც ხდება თავის ტვინის, გულის, აორტის, მაგისტრალური და პერიფერიული სისხლძარღვების ანგიოგრაფიული გამოკვლევა, ძალზე მნიშვნელოვანია კლინიკისთვის. ,,ამ ეტაპზე, უკვე მონტაჟდება თანამედროვე სისტემის რენტგენის დანადგარი და უახლესი თაობის ანგიოგრაფი, რომელიც ზედმიწევნით აკმაყოფილებს ენდოვასკულური ნეიროქირურგიის მოთხოვნებს და მაღალტექნოლოგიური კვლევის გარანტია, რაც საშუალებას მოგვცემს, ჩავატაროთ მცირე ინვაზიური ოპერაციები თავის ტვინის სისხლძარღვებზე, კისრის, გულის, მუცლის სისხლძარღვებსა და პერიფერიულ არტერიებზე“, – აცხადებს ყაზაიშვილი.
,,გორმედის“ ქსელის ხაშურის და ქარელის კლინიკების გახსნა დაახლოებით ერთ თვეში იგეგმება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები