ახალი ამბები
გორის ცენტრში პოლიცია გამოიძახეს
გორის საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გორის ცენტრში გამოიძახეს. ამის გამო, ცაბაძის ქუჩა დროებით გადაიკეტა.

ქალბატონი, რომელმაც 112-ში დარეკა, ამბობდა, რომ მის ბინასთან ერთ-ერთი პიროვნება მივიდა და შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ბინაში ყიდვა-გაყიდვის ბიუროსა და კერძო იპოთეკარის ოფისია გახსნილი.

,,მიუხედავად იმისა, რომ კარები დაკეტილი იყო, მაინც აგრძელებდა ეს პიროვნება ყვირილს და შეურაცხყოფას. იძულებული გავხდი პოლიცია გამომეძახებინა," - განაცხადა ქალბატონმა.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა განაცხადეს, რომ ვინაიდან პიროვნება ადგილზე აღარ დახვდათ, ამ შემთხვევაში, მათი მოქმედების სფერო შემთხვევის ადგილზე აღარ ვრცელდება.

მათ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გამოიძახეს. მამაკაცის ვინაობა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა გაარკვიეს.

ქალბატონი პატრულის თანამშრომლებს სთხოვდა, რომ შესაბამისი რეაგირება მოეხდინათ და უცხო პიროვნების მხრიდან მსგავსი ქმედების განხორციელებას ადგილი აღარ ჰქონდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები