ახალი ამბები
სუმოში გორელი გიგა გელაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა
27–29 აპრილს ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სუმოში წარმატებით იასპარეზეს გორელებმა გიგა გელაშვილმა და ბადრი ხატისკაცმა.

გიგა გელაშვილმა 23-წლამდელთა შორის აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი აიღო, მან გუნდურ შეჯიბრებაშიც იგივე სინჯის მედალი დაისაკუთრა საქართველოს ნაკრებთან ერთად. გიგა გელაშვილმა იასპარეზა ასევე დიდებშიც, სადაც ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ასევე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ბადრი ხატისკაცი 21-წლამდელთა შორის მძიმე წონაში ასპარეზობისას. მან ვერცხლის მედალი, გუნდურ შეჯიბრებაშიც მიიღო. ხატისკაცმა ამ ჯილდოს აბსოლუტურ წონაში ბრინჯაოს მედალი მიუმატა.

ევროპის ჩემპიონატზე გორელი სუმოისტების წარმატებულ გამოსვლასთან დაკავშირებით სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოში პრესკონფერენცია გაიმართა. მასში მონაწილეობას სუმოისტების გარდა იღებდნენ საქართველოს სუმოს ფედერაციის ხელმძღვანელობა (პრეზიდენტი ლევან ცაგურია), გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი.

პრესკონფერენციის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს და საქართველოს სუმოს ფედერაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები