ახალი ამბები
გორში სკაუტური მოძრაობა იწყება
დღეს, გორში, ,,ახალბაღის" ტერიტორიაზე ,,სკაუტური“ თამაშები გაიმართა, სადაც მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. აქციას ორგანიზება საქართველოს გოგონა სკაუტების ასოციაცია ,,დია“-სა და გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული განყოფილების წარმომადგენლებმა გაუწიეს.

ორგანიზატორების განცხადებით, სკაუტინგისთვის ,,ახალბაღის" ტერიტორია საუკეთესო აღმოჩნდა, მოსწავლეები კი, თამაშის პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ.

სკაუტინგი სახალისო და შემეცნებითი თამაშია. მისი მიზანია ხელი შეუწყონ გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებს, შეიმეცნონ საკუთარი თავი და სამყარო მათ გარშემო, განვითარდნენ და შეცვალონ მსოფლიო უკეთესობისკენ.

სკაუტური მოძრაობა გაიგივებულია საერთაშორისო ახალგაზრდულ მოძრაობასთან. ამ მოძრაობის მიმდევრები ეწევიან ფიზიკურ, სულიერ და გონებრივ განვითარებას. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური ახალგაზრდული მოძრაობა, რომელიც 160 ქვეყნის ორგანიზაციების 28 მილიონზე მეტ წევრს აერთიანებს.



სკაუტინგის ისტორია ასეთია: სკაუტური მოძრაობა შექმნა ბადენ პაუელმა. ის იყო სამხედრო განათლების მქონე ადამიანი და ოფიცრებს ასწავლიდა არა მარტო პროფესიულ საკითხებს, არამედ სიმამაცესა და გამძლეობასაც. თავიდან იდეურად პროპაგანდას უწევდა კარვებით მოგზაურობას, ლაშქრობებსა და ღია ცეცხლზე საჭმლის მომზადებას. 1907 წელს კი ბრიტანეთის კუნძულ ბრაუნსზე ბანაკი დააკომპლექტა, რომელიც 20 ვაჟისაგან შედგებოდა, უმეტესად ეს პაუელის მეგობრების შვილები იყვნენ.

ბანაკში ყოველდღიურად სხვადასხვა უნარ-ჩვევებს ითვისებდნენ, მართავდნენ სპორტულ თამაშებს, საღამოობით კოცონთან საინტერესო ამბებს ისმენდნენ ცხოვრებაზე, მოგზაურობაზე, თავგადასავლებზე. პაუელის სურვილი იყო, რომ ბიჭებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო თვისებები გამოემუშავებინათ. ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონოდათ, რაც ბანაკის ჰარმონიულობას უწყობდა ხელს. ეს პირველი ბანაკი სკაუტური ცხოვრების წესის განმსაზღვრელი გახდა. ბი-პიდ წოდებული პაუელი 1920 წელს ლონდონის საერთაშორისო სკაუტურ ფესტივალზე მსოფლიო სკაუტთა ლიდერად აირჩიეს. ამის შემდეგ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში სკაუტური მოძრაობის განვითარება დაიწყო, რაც ძირითადად საზოგადოებაში ჯანსაღი წესის დამკვიდრებას გულისხმობს.

საქართველოში ორგანიზაცია ოფიციალურად 1994 წლის 14 იანავარს ჩამოყალიბდა. 1997 წლის 24 დეკემბერს კი ორგანიზაცია გახდა სკაუტური მოძრაობის მსოფლიო ორგანიზაციის 147–ე ოფიციალური წევრი. ამ დროისთვის საქართველოს სკაუტურ ორგანიზაციაში გაერთიანებული იყო თბილისის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის ორგანიზაციები. ორგანიზაციას აქვს საკუთარი ატრიბუტები, გერბი, ყელსახვევი, ფორმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები