ახალი ამბები
გორში 3-ოთახიანი ბინა დაიწვა - ფაქტს პოლიცია იძიებს
ქალაქ გორში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე 3-ოთახიანი ბინა დაიწვა. შემთხვევა გუშინ 4 მაისს კომბინატის დასახლებაში მოხდა.

მეზობლების განცხადებით, უსახლ-კაროდ 6-სულიანი ოჯახი დარჩა. ოჯახის წევრები, ამჟამად, სოფელ ორთაშენში მიტოვებულ სახლში არიან შესახლებულები.

გამოძიებას კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები აწარმოებენ. სახლი დალუქულია და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევენ.

აღნიშნული ოჯახის თაობაზე, ორი კვირის წინ, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი გოგონა გაუჩინარდა. პოლიციამ ისინი რუსთავში ახლობლებთან იპოვა.

სამართალდამცავებმა უბანში რამდენიმე ადამიანი გამოკითხეს, რადგან აინტერესებდათ, რაიმე კონფლიქტს ხომ არ ჰქონდა ადგილი ოჯახში. თუმცა, მეზობლები ამბობენ, რომ ცეცხლი სავარაუდოდ ბავშვმა გააჩინა, რადგან ცეცხლი ჯერ საბავშვო სავარძელს გაუჩნდა, შემდეგ კი, მთლიანად სახლზე გავრცელდა. გაისმა ტელევიზორის აფეთქების ხმაც.


Print

სტატიის გამოყენების პირობები