ახალი ამბები
როცა ბიოლოგია გვიყვარს, თუმცა პროკურორობა გვსურს
ასმათ ფაილევანიანს მომავალი პროფესია ჯერ არ აურჩევია. უყვარს ბიოლოგია, თუმცა სურს, პროკურორი გამოვიდეს. უმაღლეს სასწავლებელში თუ ბიოლოგიის კურსით გააგრძელებს სწავლას, თავისთავად, იცის, რომ პროკურორობას უნდა დაემშვიდობოს.

ამ ერთი შეხედვით გამოუვალ საკითხებზე სასაუბროდ, დღეს, გორის სკოლა ,,ეისის" მოსწავლეებს უკვე წარმატებული და რეალიზებული ახალგაზრდები შეხვდნენ. 

მაგალითად, ვახტანგ აივაზიშვილი გორის შს სამმართველოს გამომძიებელია. მის ხელთ ყველა ის გახმაურებული თუ ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმეები ხვდება, რომელზეც შემდგომში მოსამართლეები მსჯელობენ. ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი კი,  ხშირად სასამართლო პროცესზე ვახტანგ აივაზიშვილის ან სხვა გამომძიებლების მიერ გამოძიებულ საქმეებს უპირისპირდება. 

უფროსკლასელებთან მიწვეული იყო მათე მაყაშვილი, რომელმაც პროფესია არა თუ სკოლის პერიოდში, არამედ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დროს გამოიცვალა. სტუმრად იმყოფებოდა პროფესიით კვების ტექნოლოგი კოტე შატაკიშვილი. მათე მაყაშვილმა მოსწავლეებს უთხრა, რომ როდესაც იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, პირველივე ლექციაზე მიხვდა, რომ იქ მისი ადგილი არ იყო. განსაკუთრებით, მასზე იმოქმედა სამართლის ისტორიამ. საბოლოოდ, მათე მაყაშვილმა უარი თქვა იურისტობაზე და სცენარისტობა აირჩია.

სკოლა ,,ეისის" დირექტორი მარიკა ტლაშაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის იმ გამოცდილების გაზიარება, რაც თავის დროზე დღეს სტუმრად მყოფმა ახალგაზრდებმა გაიარეს. მისი აზრით, არსებული მაგალითები ცხადყოფს, რომ პროფესიის არჩევა უფროსკლასელთა ასაკში რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი პროცესია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები