ახალი ამბები
გორში ვიზის ლიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეები გააცნეს
დაკო მურადაშვილი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია, ამბობს, რომ მისთვის სემინარზე მოსმენილი ინფორმაცია საკმაოდ შემაშფოთებელი აღმოჩნდა. შეიტყო, რომ საქართველოდან ევროპაში წასულ მოქალაქეებს, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ, თანხას წინასწარ უხდიან.

,,ეს სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელი აღმოჩნდა ჩემთვის" - აღნიშნა დაკო მურადაშვილმა. როგორც ირკვევა, საქართველოდან ევროპაში, ვიზის ლიბერალიზაციის შემდეგ, უამრავი ადამიანი თავშესაფრის მიღების მიზნით, გაემგზავრა. მართალია, უმრავლესობის მოთხოვნა არ კმაყოფილდება, თუმცა ის გარემოება, რომ წინასწარ თანხას მაინც უხდიან, მიგრაციის დონის (განსაკუთრებით კრიმინალური ელემენტების) გაზრდას უწყობს ხელს.

ევროპის დღეების ფარგლებში გორის დემოკრატიის სკოლაში სემინარი მოეწყო. საუბრის თემას კი სწორედ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენდა.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ორგანიზებით გამართულ შეხვედრას საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოხსენება გააკეთა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, ლევან მახარაშვილმა, რომელმაც ევროკავშირის ისტორია მიმოიხილა. საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის ხელშეკრულებას და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას.
სემინარზე დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობებზე, კავკასიისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების ლექტორი სერგი კაპანაძე ესაუბრა.

სართველო-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლაზე კი ინფორმაცია სემინარის მონაწილეებს "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელმა ივანე ჩხიკვაძემ მიაწოდა.

შეხვედრის მეორე ნაწილი კი დისკუსიას დაეთმო, სადაც დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვები დაწესვათ და საკუთარი მოსაზრებები გაჟღერებინათ. სემინარი გორის დემოკრატიის სკოლაში 2 საათს გაგრძელდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები