ახალი ამბები
სუს-ი საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების თაობაზე კომუნისტებს აფრთხილებს
საქართველოს კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა, 7 მაისს, საბჭოთა და ტოტალიტარული სიმბოლიკების შესაძლო გამოყენებისგან თავის არიდების მიზნით, გაფრთხილება მიიღეს. ამის შესახებ პოლიტიკურ ორგანიზაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან წერილობით აცნობეს.

დოკუმენტს ხელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ,,თავისუფლების ქარტიის" საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარე სულხან გოცაძე აწერს. გოცაძე კომუნისტური პარტიის თავმჯდომარეს აფრთხილებს, რომ ასეთი სიმბოლიკების გამოყენების შემთხვევაში, გატარებული იქნება კანონით განსაზღვრული ზომები. საუბარი ეხება 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებებს.

სულხან გოცაძე უთითებს ,,თავისუფლების ქარტიის" საქართველოს კანონის მეშვიდე მუხლის მე-6 პუნქტს:

,,კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების აღმოფხვრის მიზნით კომისია მიმართავს უფლებამოსილ პირს. კომისიის მიმართვის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკა. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ კომისიის მითითების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას." - აღნიშნულია ,,თავისუფლების ქარტიის" მეშვიდე მუხლის მე-6 პუნქტში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები