ახალი ამბები
გორში 9 მაისის აღნიშვნამ წითელი დროშების გარეშე ჩაიარა
საქართველოს კომუნისტური პარტიის წევრების ტრადიციული მსვლელობა ცენტრალურ მოედნისკენ არ შედგა.  ადგილზე აღარ ჩანს ,,უკვდავი პოლკის" წევრები, რომლებსაც ასევე უნდა გადაენაცვლათ სტალინის სახლ-მუზეუმისკენ.

მთავარ მოედანზე ჯეირან კიტრიაშვილის მიერ დადგმულ ბიუსტთან მისი ოჯახის წევრები მივიდნენ. ის ამბობს, რომ ბიუსტი უშუალოდ მისი ინიციატივით დაიდგა.

მანამდე, საქართველოს კომუნისტური პარტიის გორის ორგანიზაციის წევრებმა სტალინის სახლ-მუზეუმთან აქციის გამართეს. მთავარ მოედანზე კი ,,უკვდავი პოლკის" წარმომადგენლები ნაადრევად დაიშალნენ.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა კომუნისტური პარტიის ორგანიზაციის წევრებს საბჭოთა დროშების გამოყენების უფლება მისცეს.

მესამე აქცია გორის მერიის ინიციატივით, საბრძოლო დიდების მუზეუმთან გაიმართა, სადაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს შეხვდნენ და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს. ვეტერანებს ფულადი საჩუქრები გადასცეს, შემდეგ კი, საზეიმო სადილით გაუმასპინძლდნენ.

საქართველოს კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა, 7 მაისს, საბჭოთა და ტოტალიტარული სიმბოლიკების შესაძლო გამოყენებისგან თავის არიდების მიზნით, გაფრთხილება მიიღეს. ამის შესახებ პოლიტიკურ ორგანიზაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან წერილობით აცნობეს.

დოკუმენტს ხელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ,,თავისუფლების ქარტიის" საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარე სულხან გოცაძე აწერს. გოცაძე კომუნისტური პარტიის თავმჯდომარეს აფრთხილებს, რომ ასეთი სიმბოლიკების გამოყენების შემთხვევაში, გატარებული იქნება კანონით განსაზღვრული ზომები. საუბარი ეხება 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებებს.

სულხან გოცაძე უთითებს ,,თავისუფლების ქარტიის" საქართველოს კანონის მეშვიდე მუხლის მე-6 პუნქტს:

,,კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების აღმოფხვრის მიზნით კომისია მიმართავს უფლებამოსილ პირს. კომისიის მიმართვის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკა. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ კომისიის მითითების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას." - აღნიშნულია ,,თავისუფლების ქარტიის" მეშვიდე მუხლის მე-6 პუნქტში.




Print

სტატიის გამოყენების პირობები