ახალი ამბები
,,ისაუბრეთ გამარჯვების დღეზე" - სტუდენტის გამოსვლა გორის ფორუმზე
,,ის, რომ დღეს ჩვენ ვესწრაფვით ევროპისკენ, სწორედ, იმ ჯარისკაცების დამსახურებაა, რომლებიც იბრძოდნენ ამერიკიდან, ევროპიდან და საბჭოთა კავშირიდან. დღეს აქ არაფერი თქმულა გამარჯვების დღეზე. მოვისმინე მხოლოდ მითოსური ამბები, 8-ში რომ არ აღნიშნულა გამარჯვების დღე საბჭოთა კავშირში და 9-ში ჟუკოვს დაუგვიანია" - განაცხადა სტუდენტმა, რომელიც დღეს გორის უნივერსიტეტში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

მისი კრიტიკის ობიექტი საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე გახდა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების თარიღზე, სწორედ, საერთაშორისო საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ისაუბრა.

,,ამავდროულად ისტორიაზე მესაუბრება ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ ჟუკოვი (საბჭოთა კავშირის გენერალი) იმ წუთას იყო მოკავშირეთა გენშტაბში. 9 მაისს იმიტომ აღინიშნა, რომ უბრალოდ დროის განსხვავება იყო," - განმარტა სტუდენტმა.

სტუდენტს რამდენჯერმე შეაწყვეტინეს, თუმცა დამსწრე საზოგადოებას აუხსნა, რომ ევროპული ღირებულებები, სწორედ, აზრის გამოთქმის უფლებასაც ითვალისწინებს.

თენგიზ ფხალაძე სტუდენტის შეფასებას არ დაეთანხმა. მისი განმარტებით, სტუდენტი მოხსენებას არ უსმენდა, ხოლო ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ჩანაწერის დათვალიერება ურჩია.

ევროპის ქვეყნები ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 8 მაისს ზეიმობენ. ფაშისტური გერმანიის უპირობო კაპიტულაციის აქტს ხელი 1945 წლის 8 მაისს, ევროპის დროით 22 საათსა და 45 წუთზე მოეწერა. ამ დროს საბჭოთა დედაქალაქში უკვე 9 მაისი იდგა, ამიტომ გამარჯვების დღე პოსტსაბჭოთა სივრცეში 9 მაისს აღინიშნება.

იხ. ვიდეო

Print

სტატიის გამოყენების პირობები