ახალი ამბები
რას ფიქრობენ გორში - ძიუდოს ფედერაციაში არსებულ დაპირისპირების შესახებ
ძიუდოში საქართველოს ნაკრების წევრთა უმრავლესობა გორის სპორტულ სკოლების წარმომადგენელია. საქართველოს სახელით მოასპარეზე 12 ძიუდოისტიდან ტატალაშვილი, შავდათუაშვილი, ღვინიაშვილი, პაპუნაშვილი და კაპანაძე იმ დიდი ოჯახის წევრები არიან, რომელთა მოთხოვნებმა სპორტული სამყარო დააფიქრა.

,,თუ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ შეჯიბრებებზე," - ამბობს ბაჩო ტატაშვილი, თანაც ნაკრების სახელით. ირწმუნება, რომ ნაკრების პოზიცია უცვლელია და ამის მიზეზები რეალურად არსებობს.

ტატალაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნაკრების წევრები არასათანადო პირობებში ვარჯიშობენ. ეს განსაკუთრებით თვალნათელი გახდა ზამთრის პერიოდში, როდესაც სპორტსმენებს ცივ სპორტულ დარბაზში უწევდათ ვარჯიში.

,,ეს ყველაფერი აისახება შემდეგ შედეგებზე. უარყოფითი შედეგები უკვე გვაქვს. ნაკრების წევრებს ფედერაციის მხრიდან ნაკლები ყურადღება გვექცევა," - აცხადებს ბაჩო ტატაშვილი.

,,ასეთი რამ არ მომხდარა ძიუდოში" - ამბობს ანზორ თენაძე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, რომლის შეგირდებს არაერთი ჯილდო მიუღია. ,,ძიუდო ყოველთვის გამოირჩეოდა სიმტკიცით, განსხვავებით, სხვა ფედერაციებისგან. ამიტომ, დღევანდელი ფაქტი ძალიან სამწუხაროა." - ასკვნის ანზორ თენაძე.

მისი აზრით, ცვლილელები შესაძლოა საჭიროა, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორსაც ნაკრების წევრები გამოხატავენ. თენაძე თვლის, რომ სპორტსმენებმა თავისი ძალა უნდა აჩვენონ ასპარეზობების დროს.

გორის სპორტული სკოლის ,,გორიჯვრის" მწვრთნელი მიხეილ ავაზნელი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს დავით ქევხიშვილს უჭერს მხარს. ის მიუღებლად თვლის იმ კამპანიას, რასაც ქევხიშვილის მიმართ აქვს ადგილი. ავაზნელს მაგალითად სწორედ ის სპორტული დარბაზი მოჰყავს, სადაც ,,გორიჯვრის" შეგირდები ვარჯიშობენ: ,,,მე ჩემ პოზიციას ანდაზით გამოვხატავ: ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი" - აცხადებს მიხეილ ავაზნელი.

არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონის ტურნირების გამარჯვებული ბაჩო ტატალაშვილი აღნიშნავს, რომ სპორტულ დარბაზში, სადაც ნაკრების წევრები ვარჯიშობენ, ხალიჩა ბეტონზეა გაშლილი. ასევე, დარბაზში არის სიცივე, რომლის გამოც, სპორტსმენების ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა. ,,ამის მაგალითები კი უამრავია. ამას ვამბობდით ბევრჯერ, მაგრამ არ გაითვალისწინეს. ახლა კი, იძულებულები გავხდით, ეს ყველაფერი საჯაროდ გვეთქვა," - ასკვნის ტატალაშვილი.

10 მაისს, ძიუდოს ფედერაციაში ყრილობა იმართება, სადაც სწორედ ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის საკითხსაც განიხილავენ. ქევხიშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლოა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები