ახალი ამბები
ტატუნაშვილის სიკვდილის შემდეგ ერგნეთში მხარეები პირველად შეხვდებიან
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა ხვალ 15 მაისს განახლდება. მხარეები ერთმანეთის პირისპირ დაგეგმილ ფორმატში, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის შემდეგ პირველად ისაუბრებენ. სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სხვა საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხი იქნება.

„ერგნეთის შეხვედრაზე ერთ-ერთი უმთავრესი თემა ბუნებრივია, იქნება ის უდიდესი ტრაგედია, რომელიც უკავშირდება არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას და უმძიმეს 26 დღეს, როდესაც არა მხოლოდ ოჯახი, არამედ მთელი საზოგადოება ელოდა მისი ცხედრის გადმოსვენებას“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიება და დამნაშავეთა გამოკვეთა.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებზე დაფუძნებით წარიმართოს იმგვარად, რომ გამოიკვეთოს პირთა ჯგუფი, რომელსაც ამ უმძიმეს დანაშაულში მიუძღვის ბრალი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები