ახალი ამბები
ცხინვალიდან რუსეთის უნივერსიტეტებში გასაგზავნი აბიტურიენტების ლიმიტი შეაიმცირეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სკოლების კურსთამთავრებულებისთვის რუსეთის ფედერაციის უნივერსიტეტებში ჩარიცხვის ლიმიტი 69-დან 18-მდე შემცირდა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიასთან დე-ფაქტო რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნატალია გასიევამ ისაუბრა.

მისი თქმით, გასული წლების სტატისტიკამ აჩვენა, რომ ცხინვალელი აბიტურიენტები თავს იკავებენ ისეთ უნივერსიტეტებში სწავლისგან, რომლებიც როსტოვში ან კრასნოდარის მხარეში მდებარეობს. მაგალითად, გასულ წელს, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში სწავლის გაგრძელება 69 ოს მოსწავლეს შეეძლო. რეალურად კი, განაცხადი 39-მა შეავსო.

,,ყველას სურს პრესტიჟულ, მაგალითად, მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა, რაც შეუძლებელია. სხვა უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მსურველები არ გვყავს.“ - აცხადებს ნატალია გასიევა.

დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ოსი სტუდენტები მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან, უკან დაბრუნებისას კი, სამუშაოს ვერ პოულობენ.

,,შეთანხმების მიხედვით, სტუდენტები, სწავლის შემდეგ, უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში და 3 წლის განმავლობაში მხოლოდ ადგილობრივ ორგანიზაციებში უნდა იმუშაონ. სამწუხაროდ, ამ კუთხით პრობლემა ისაა, რომ ყველა ამთავრებს იურიდიულს ან ეკონომიურს. ამიტომ, ამ სპეციალობით ამდენი ადგილი არ გვაქვს.“ - განმარტავს გასიევა.

გასიევა აბიტურიენტების მშობლებს ურჩევს, რომ განაცხადი ისეთ სპეციალობებზე შეავსონ, რომელიც სოფლის მეურნეობის, მეტეოროლოგიის, საინჟინრო ტექნოლოგიების და ა.შ. დისციპლინების შესწავლას ითვალისწინებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები