ახალი ამბები
ერგნეთში შეთანხმდნენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთმანეთს ექსპერტები შეხვდებიან
ერგნეთში, 15 მაისს გამართული შეხვედრა 9 საათს გაგრძელდა. ეს იყო ერთ-ერთი ხანგრძლივი და დატვირთული დღე.

დიდი დრო, სწორედ, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტის ობიექტური გამოძიების, ასევე, დამნაშავე პირების გამოვლენის მოთხოვნებს დაეთმო. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, მხარეები, საბოლოოდ, გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტების შეხვედრის შესახებ, შეთანხმდნენ.

გარდა ამისა, მხარეებმა დამატებით კიდევ 16 საკითხი განიხილეს.

ხანგრძლივი დრო დაეთმო ასევე დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას და ამ საქმის სიღრმისეულ გამოძიებას, ასევე, ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმართულებით. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოსური ჯგუფის ხელმძღვანელმა მურად ჯიოევმა ტატუნაშვილის სიკვდილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის საექსპერტო ბიუროს მონაცემები პროცედურების დაცვით გადაეცა ქართულ მხარეს და ამ საკითხზე სხვა ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს.

მისი ინფორმაციით, ოსური მხარე ტატუნაშვილის სიკვდილით არ იყო დაინტერესებული და ეს ბუნებრივად, გულის შეტევის შედეგად მოხდა. რაც შეეხება შინაგანი ორგანოების გადაცემის საკითხს, ჯიოევმა თქვა, რომ რუსეთის საექსპერტო ბიურომ ყველა პროცედურა თავისი მეთოდოლოგიის მიხედვით გააკეთა.

,,ის სამხრეთ ოსეთის სპეცსამსახურებისთვის ცოცხალი უფრო საინტერესო იყო, რადგან ქართული სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა და მასთან კითხვები იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ამ კითხვებს ვეღარავის დავუსვამთ.“, - განაცხადა მურატ ჯიოევმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთიძემ განაცხადა, რომ ქართული მხარე იყო მაქსიმალურად კატეგორიული და მთელი სიცხადით მოითხოვა ყველა მასალის გადმოცემას, რაც არჩილ ტატუნაშვილის საქმეს უკავშირდება. მისივე განცხადებით, ოსური მხარე მზად არ იყო ქართული მხარის მიერ დასმული შეკითხვებისთვის ეპასუხა.

„ჩვენ პრინციპულად დავაყენეთ საკითხი, რომ ნებისმიერი მასალა უნდა იყოს გადმოცემული, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ეჭვები, რომლებიც არსებობდა ამ მკვლელობასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გაგვიმყარდება “.-განაცხადა ანთიძემ.

საქართველოს ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხს ერგნეთში მომდევნო შეხვედრებზეც დააყენებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები