ახალი ამბები
გორში მეჯუდას სანაპიროზე სამრეცხაოები ზაფხულიდან აღარ იქნება
იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოების დაწყებისთანავე, ავტოსამრეცხაოებს აიღებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ობიექტების მფლობელებს საკუთარი საქმიანობის გაგრძელება, სხვა, ალტერნატიულ ფართზე შეეძლებათ. თუ სად გადავა სამრეცხაოები, ამ ეტაპზე, მედიისთვის უცნობია.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გუშინ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გოგებაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციოდ 1,2 მლნ ლარი გამოიყო. 2018 წლის ივნისიდან დაიწყება და 150 დღის განმავლობაში გაგრძელდება, ქალაქ გორში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია.

ადმინისტრაციის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები მოიცავს მონაკვეთს, კახნიაშვილის ქუჩისა და ,,26 მაისის სანაპიროს“ შორის, სულ 360 მ სიგრძეზე. ასევე, მოწესრიგდება საკათედრო ტაძრის (ყოფილი ფრანგების ეკლესია) მიმდებარე ტერიტორია.

პროექტის მიხედვით, გაკეთდება საკანალიზაციო ქსელი და ბორდიურები. გზის რეაბილიტაციის შემდეგ, გორის მე-2 სკოლასთან ,,მწოლიარე პოლიციელები" დამონტაჟდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები