გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, სასმელი წყლის პროექტის
საბოლოო დასრულების მიზნით, მერია დამატებით თანხებს გამოყოფს. ეს
უკვე მესამე შემთხვევა იქნება, როდესაც 2016 წლის ივნისიდან დაწყებულ
და 2017 წლის მარტში ,,დასრულებულ" სამუშაოებს ხარვეზების გამოსწორება
სჭირდება.
მშენებელი კომპანიის ,,გეოპლასტის" წარმომადგენელი ამბობს, რომ
ხარვეზების გამოსასწორებლად მას საკუთარი რესურსები აღარ გააჩნია.
მისი თქმით, წინა კომპანიის მიერ გაკეთებულ სისტემაში თითქმის 100
ადგილზე ხარვეზები გამოასწორა.
ორი დღის წინ, ტესტურ რეჟიმში გაშვებულმა წყალმა 11 ადგილზე
ამოხეთქა.
კომპანია, რომელსაც ქვახვრელის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის
დასრულება ჰქონდა დავალებული, ,,გეოპლასტია". ის პროექტში 2017 წლის
შემოდგომიდან ჩაერთო. მანამდე, ქვახვრელის წყალმომარაგების სისტემას
,,არქიკულტურა" აგვარებდა. ,,გეოპლატსს" ხელშეკრულების ვადა 2018 წლის
15 მაისს ამოეწურა.
მოკლედ:
შპს ,,არქიკულტურა" - 880 000 ლარი, ხელშეკრულების ვადა 2016 წლის 26
ივნისიდან 2016 წლის 26 დეკემბერი. ვადა გაუგრძელდა 2-ჯერ, საბოლოოდ,
2017 წლის 15 აპრილამდე. აითვისა 800 000 ლარი.
შპს ,,გეოპლასტი" - 169 000 ლარი, ხელშეკრულების ვადა 2017 წლის 15
სექტემბრიდან 2018 წლის 15 თებერვლამდე, ვადა გაუგრძელდა 2-ჯერ, 2018
წლის 15 მაისამდე. აითვისა თანხა სრულად.
ამ ეტაპზე გორის მერიაში ექსპერტიზის საბოლოო პასუხს ელოდებიან, რითაც
გამოიკვეთება ის ძირითადი საკითხები, რაც სისტემის საბოლოო
დასრულებისთვის იქნება გადასაწყვეტი.
,,თუ ისევ მე დამავალებენ მის გამოსწორებას, მაშინ დამატებითი თანხა
უნდა გამოყონ," - აცხადებს ,,გეოპლასტის" წარმომადგენელი. შიდა
ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სისტემა, სავარაუდოდ,
გორის მერიის წყალუზრუნველყოფის სამსახურის ბალანსზე გადავა. მისი
დირექტორი ბონდო მარუაშვილი ირწმუნება, რომ ხარვეზებს მთლიანად მისი
ააიპ-ი გამოასწორებს.
სტატიის გამოყენების პირობები