ახალი ამბები
გორის ვიცე-მერი: ,,მე ჟურნალისტისთვის ბოდიში არ მომიხდია"
გორის მერის პირველი მოადგილე გელა კაპანაძე ამბობს, რომ მას, ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ჟურნალისტისთვის ბოდიში არ მოუხდია. ამის შესახებ ვიცე-მერი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დაუკავშირდა და გუშინ გამართული ბრიფინგის შესახებ, მედია არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა.

,,თუ კარგად მოუსმენთ ჩემს ინტერვიუს, იქ ვამბობ, რომ ვასრულებ მოსამართლის გადაწყვეტილებას. მოსამართლის განჩინებით, დამევალა არასწორი ინფორმაციის უარყოფა. სხვა მეტი მორიგების აქტში არ წერია" - ამბობს გელა კაპანაძე.

გელა კაპანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სასამართლო სხდომაზე ის და ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ჟურნალისტი მალხაზ მიქელაძე მორიგდნენ. მორიგების აქტის მიხედვით, ვიცე-მერი მის მიერვე გავრცელებულ ინფორმაციას, ხოლო ჟურნალისტი სასარჩელო მოთხოვნას უარყოფს. სასარჩელო მოთხოვნა კი, რამდენიმე პუნქტისგან შედგებოდა - ინფორმაციის უარყოფა და მორალური ზიანის სახით თანხის 3 ათასი ლარის ოდენობით, დაკისრება.

,,მორიგების დროს საერთოდ არ ყოფილა საუბარი ბოდიშის მოხდაზე. ისინი ითხოვდნენ ბოდიშის მოხდას, მაგრამ მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. მე მხოლოდ ინფორმაციის უარყოფაზე ვიყავი თანახმა," - აცხადებს გელა კაპანაძე.

,,თრიალეთის" ჟურნალისტი მალხაზ მიქელაძე თვლის, რომ ვიცე-მერმა მას ბოდიში მოუხადა.

 


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები