ახალი ამბები
ოპოზიცია VS ოპოზიცია - წაგებული და მოგებული დებატები
2014 წლის 19 ნოემბერს ქალაქ გორის საკრებულომ დადგენილების პროექტი, მერიაში და საკრებულოში პრემიების გაცემის შესახებ, დაამტკიცა. სხდომაზე, სადაც 15-ვე წევრი ესწრებოდა, ხოლო უმრავლესობას,

დადგენილების ზოგადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მერიაში და საკრებულოში მომუშავე პირებს პრემიების აღება წელიწადში, მაქსიმუმ, 7-ჯერ შეუძლიათ. კერძოდ - კვარტალში ერთხელ, ხოლო შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებთან დაკავშირებით (ახალი წელი, საერთაშორისო, ადგილობრივი თუ რელიგიური დღესასწაულები და ა.შ.) პრემია, მხოლოდ, 3-ჯერ გაიცემა.

დადგენილების პროექტი სხდომის წევრებს სამანდატო და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარემ, ოპოზიციონერმა ,,თავისუფალმა დემოკრატმა" თამარ თედლიაშვილმა გააცნო. მის მოხსენებას პირველი გამოხმაურება ,,ქართული პარტიის" წევრისგან, რამაზ იოსელიანისგან მოჰყვა. საკრებულოში ,,ქართული პარტია" 4 წევრისგან შედგება. მათ პოზიციას მხარი ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთმა წარმომადგენელმა საკრებულოში მინდია გოდერძიშვილმა დაუჭირა.

მინდია გოდერძიშვილს ოპონირება ,,თავისუფალი დემოკრატის" მეორე წევრმა დავით წეწვაძემ გაუწია. წეწვაძემ გოდერძიშვილს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში გაცემული პრემიების ოდენობის და სიხშირეების შესახებ ინფორმაცია გააჟღერა.

,,ქართული პარტია" და ,,ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ პრემიების 7-ჯერ გაცემის შესაძლებლობას მომავალში მერი და საკრებულოს თავმჯდომარე აუცილებლად გამოიყენებს, რადგან ეს ნორმა თავისი შინაარსით მაცდურია.


,,მე ვგევარ იმ ადამიანს, რომ პრემია 7-ჯერ გავცე?" - უთხრა რამაზ იოსელიანს საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ. ,,ბატონო პაპუნა, თუ ეკუთვნის ვინმეს პრემია, რატომ არ უნდა მისცეთ?" - აღნიშნა თამარ თედლიაშვილმა. ,,ხალხი აქ 12 საათამდე მუშაობს, დღედაღამე ათენებს და რატომ არ უნდა მიეცეთ პრემია" - დაამატა დავით წეწვაძემ. ,,ბატონები, თეატრში არ არის პრემია და აქ რა დაგემართათ?" - ჩაერია კვლავ რამაზ იოსელიანი.

,,ეს საკითხი არ არის ისეთი საკითხი, რომ ამაზე დრო დავხარჯოთ. ჯობია, ისეთ თემებზე ვიაქტიუროთ, რაც აუცილებელია ქალაქისთვის. ჩვენ ვამტკიცებთ, მხოლოდ, პრემიის გაცემის წესს. თუ მოხდება ისე, რომ პრემიები დაუმსახურებლად გაიცემა, მაშინ სხვა საკითხია" - თქვა ზურაბ როსებაშვილმა, ,,ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან".

რაც შეეხება ,,ქართულ ოცნებას", ამ შემთხვევაში ამ პარტიის მხრიდან, საუბარში, მხოლოდ, საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე და მისი მოადგილე ნინო ზურაბიშვილი ერთვებოდნენ. ზურაბიშვილის თქმით, საკრებულო ,,ახალ რამეს" არ იგონებს, რადგან ნორმა საკანონმდებლო დონეზეა მიღებული და ის ადგილობრივ თვითმმართველობის აქტებში უნდა აისახოს.

 

დადგენილება ასეა ჩამოყალიბებული:

- პრემია გაიცემა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.
- პრემიის მიზნებია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებაში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.

პრემიის გაცემის უფლებამოსილება

პრემიის გაცემის საკითხის ინიცირების უფლება აქვს უშუალო ხელმძღვანელ პირს და ზემდგომ თანამდებობის პირს.
- პრემიის გაცემის შესახებ თანამდებობის პირების და სხვა საჯარო მოხელეთა მიმართ გადაწყვეტილებას იღებს მერი, ხოლო საკრებულოს აპარატის უფროსის, აპარატის და სხვა საჯარო მოხელეთა მიმართ- საკრებულოს თავმჯდომარე.

პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა

საჯარო მოხელეებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.

საჯარო მოხელეებზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.

პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.

გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

გამონაკლისთან დაკავშირებით განმარტებები არ გაკეთებულა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები