ახალი ამბები
ფხვენისში, სკრასა და ხურვალეთში ახალგაზრდებმა ადვოკატირების კამპანია დაიწყეს
ლანა ომაძე გორის მუნიციპალიტეტის შინდისის თემის სოფელ ფხვენისში ცხოვრობს. ის იმ ჯგუფის წევრია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სამ თემში, ადვოკატირების კამპანიის დაწყების მიზნით, შეიქმნა. თანასოფლელებთან ერთად, ახალგაზრდების საჭიროებებზე იმსჯელა. საბოლოოდ, ფხვენისელთა ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ სოფლისთვის სკვერის მოსაწყობად იაქტიურონ. მისი აზრით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში ცვლილებების განხორციელება თემში შესაძლებელია.

შინდისის თემის გარდა, პროექტში ახალგაზრდები ჩართულები არიან ხურვალეთისა და სკრის დევნილთა დასახლებებიდანაც. 13 წლის ზემოთ ასაკის მქონე 20-მდე მოზარდი დასახლებების მიხედვით 3 ჯგუფად დაიყო და საკუთარ თემში არსებული პრობლემები გამოკვეთეს, მოგვიანებით კი ის გზები დაასახელეს, რითიც მათი გადაჭრა შესაძლებლად მიაჩნიათ.

პრეზენტაცია კირბალში მცხოვრებმა ახალგაზრდებმაც გააკეთეს, მათი ინფორმაციით, სოფელში წყალი გრაფიკით, დილა-საღამოს, ისიც მცირე რაოდენობით მოედინება, საკითხის მოგვარება კი მათივე განმარტებით, ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ადვოკატირების მნიშვნელობასა და იდენტიფიცირებული პრობლემების გადაწყვეტაზე საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან ორგანიზაცია ,,ქართლოსში“ გაიმართა. სწორედ ეს ორგანიზაცია ახორციელებს, მერიის თანადაფინანსებით 4-თვიან პროექტს, სახელწოდებით - ,,ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება შიდა ქართლის რეგიონში“.

,,პროექტის მიზანია ამ თემში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურება და ჩართულობის გაძლიერება. ამისთვის ჩვენ ვგეგმავთ ხურვალეთისა და სკრის დევნილთა დასახლებებში, ასევე შინდისის თემში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ტრენინგ -სემინარების მოწყობას სხვადასხვა თემაზე, როგორიცაა მედიაცია, პროექტების წერა და მართვა, კონფლიქტების დარეგულიორება, გენდერი, თანასწორობა, ნატო, ევროკავშირი და ა.შ. ასევე აქტივობების განხორციელება ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი აღმოფხვრის კუთხით.“-განმარტავს პროექტის წარმომადგენელი ორგანიზაცია ,,ქართლოსიდან“ ლელა მაზმიშვილი.

პროექტის ფარგლებში შინდისის თემში, ხურვალეთისა და სკრის დევნილთა დასახლებებში ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კლუბიც გაიხსნება, რომელსაც ,,ქართლოსში“ მყოფი EVS -ის მოხალისეები გაუძღვებიან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები