ახალი ამბები
დევნილი ბავშვები პედაგოგებს ზღაპრების დასრულების საკუთარ ვერსიებს სთავაზობენ
გვანცა კასრაძე სკრის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, როგორც თავად ამბობს, მისთვის დღეები ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება. გამონაკლისი რაპუნცელის ზღაპრის განხილვის დღე იყო, სადაც პრინცესას როლი წარმოსახვაში მოირგო.

სპეციალისტებმა ბავშვებს საშუალება მისცეს განხილული ზღაპარი საკუთარი ვერსიით დაესრულებინათ.

გორის მე-3 საბავშვო ბაღის წარმომადგენლებმა დევნილ ბავშვებთან ეს შეხვედრა ორგანიზაცია ,,ქართლოსის“ პროექტის ,,ტრამპლინას“ ფარგლებში მოაწყეს. პროექტის  განხორციელება შიდა ქართლის რეგიონში ერთი თვის წინ პოლონური ორგანიზაციის, ,,რიტას“ მხარდაჭერით დაიწყო.

პედაგოგების შეფასებით,  საომარი მოქმედებების გამო დევნილ  ბავშვებს მიღებული სტრესი დღემდე ემჩნევათ, რაც სხვადასხვა ფორმებითაა გამოხატული, მსგავსი სახის თერაპიული აქტივობები კი, მათი განმარტებით, ამ სტრესის დაძლევაში დაეხმარებათ.

სკრის გარდა მსგავსი სახის ცენტრები სხვა დასახლებებშიც მოეწყობა.  პროექტის ფარგლებში არტთერაპიის კურსებს სხვა სოფლის მოზარდებიც გაივლიან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები