ახალი ამბები
დევნილთა ოთხი დასახლების კოტეჯებში იატაკებს გამოცვლიან
თურქული კომპანია ,,აიდურგეო" ცდილობს 1,2 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი მოიგოს. ამ ეტაპზე ის დისკვალიფიცირებულია.

როგორც დევნილთა სამინისტროში აღნიშნავენ, კომპანიამ 2 მილიონი ლარის (შესაბამისი ეკვივალენტით ლირა) ბრუნვის დამაფასტურებელი დოკუმენტი დადგენილი წესით არ წარადგინა.

,,აიდურგეომ" დევნილთა სამინისტროს მიაწოდა ინფორმაცია ბოლო ორ წელიწადში კომპანიის ანგარიშზე განხორციელებული ფინანსური ბრუნვის შესახებ. ,,ზირაათ ბანკისგან" წარდგენილ დოკუმენტს მხოლოდ ბანკის რეკვიზიტები ახლავს, რის გამოც სამინისტროს სატენდერო კომისიის წარმომადგენლობას ეჭვი მის ნამდვილობაში შეეპარა.

,,არ ვეთანხმებით სატენდერო კომისის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ თითქოს დოკუმენტაციის განხილვისას, არ იკვეთება, თუ რომელ კომპანიას ეკუთვნის ცნობაში მითითებული ბრუნვები. დოკუმენტი ჩვენს მიერ არის წარდგენილი და გარდა აღნიშნული დოკუმენტისა, წარვადგინეთ  ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული 2015, 2016, და 2017 წლების დეკლარაციები, რომელშიც ნაჩვენებია თანხების მოძრაობა." - აღნიშნავს ,,აიდურგეოს" წარმომადგენელი.

ამბავი ეხება ერედვიდან და ქურთადან დევნილ ოჯახებისთვის გათვალისწინებულ სახელმწიფო პროგრამას, რომელიც კოტეჯებში იატაკების გამოცვლას ითვალისწინებს.

დევნილთა სამინისტროს ცნობით, სულ 378 კოტეჯში გამოიცვლება იატაკი, ზოგგან სრულად, ზოგგან - ნაწილობრივ (საჭიროებისამებრ).

პროგრამაში ხვდებიან სკრის, კარალეთის, ბერბუკისა და ხურვალეთის დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ოჯახები, როგორც ერედვის, ასევე, ქურთას მუნიციპალიტეტიდან.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები