ახალი ამბები
ცხინვალი ,,ლომისობასთან" დაკავშირებით კირბალელებს და მეჯვრისხეველებს აფრთხილებს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 30 მაისს, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, მათ დააკავებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-მა აღნიშნული ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღეს.

აღდგომიდან მე-7 კვირას, კირბალელები და მეჯვრისხეველები, ადგილ ლომისაში წმინდა გიორგის ნიშთან და კირბალის ეკლესიასთან, ლომისობას აღნიშნავენ. სოფელ კირბალის წმ. გიორგის ეკლესია სოფლიდან 2 კმ მანძილზე მდებარეობს, წმინდა გიორგის ნიში კი მეჯვრისხევის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მუხნარში და მათ რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ.

თქმულება:

ჯალალ-ედ-დინის შემოსევის დროს, მე-13 საუკუნეში, ხვარაზმელებმა არაგვის ხეობაც დაარბიეს და 7000 არაგველი ტყვედ წაასხეს. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე - გზოვანის წმინდა გიორგის ხატი წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს": დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა... ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა.

თავზარდაცემულ სულთანს მისნები მოუხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. სულთანს მისი დაწვა უბრძანებია. ხატი საკირეში ჩაუგდიათ, მაგრამ იქიდან უვნებლად ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ქართველის თანხლებით სამშობლოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია. ხატი ბოლოს მლეთის მთაზე დამკვიდრებულა, სადაც ახლა სალოცავია. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს და ა.შ.

ფოტოები გადაღებულია მეჯვრისხეველი ახალგაზრდების მიერ
Print

სტატიის გამოყენების პირობები