ახალი ამბები
ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებით, სირიამ გაეროს რეზოლუციის პრინციპი დაარღვია
სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება საერთაშორისო სამართალს არღვევს. ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის განცხადებაში, რომელიც ბრიუსელში გუშინ გამოქვეყნდა.

„სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება, დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, არღვევს საერთაშორისო სამართალს და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს გაეროს რეზოლუციებისა და ქარტიის შესაბამისად“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარების“ საკითხზე სპეციალურ განცხადება გაავრცელა.

„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა. დიპლომატიური ურთიერთობები საელჩოების გახსნის დონეზე დამყარდება“, - ნათქვამია სირიის საგარეო უწყების განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები