ახალი ამბები
ავღანეთის მისიის მონაწილეებმა პროფესიული განათლების მიღება დაიწყეს
31-წლის რევაზ გორგაძემ პროფესიულ სასწავლებელში ბუღალტერიის კურსების შესწავლა დაიწყო. ამბობს, რომ პროფესიული განათლება ნებისმიერ ადამიანს გამოადგება, განსაკუთრებით, პენსიაში გასვლის დროს. ის 2010 წლის დეკემბერში ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულების დროს, ნაღმზე აფეთქდა და დაიჭრა. 

მასთან ერთად, პროფესიულ სასწავლებელში გიორგი მოდებაძე და ვეფხია გელაშვილიც დადიან. ისინიც საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაზარალდნენ. ,,როდესაც ასაკში შეხვალ, რა თქმა უნდა, აუცილებელია გქონდეს საკუთარი შემოსავალი. ვფიქრობ, რომ ეს ცოდნა გამომადგება და მომავალშიც მექნება ჩემი ხელფასი," - ამბობს რევაზ გორგაძე.

გორის პროფესიულმა სასწავლებელმა წელს 65 განაცხადი მიიღო. კოლეჯის დირექტორი, ანა დათუაშვილი აცხადებს, რომ კონკურსი ყოველთვის მაღალია. ანალოგიური განმეორდა წელსაც: ,,თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კოლეჯის კურსდამთავრებულები ყოველთვის გამოირჩევიან თავიანთი პროფესიონალიზმით. მაგალითად, საქართველოში არ არსებობს რძის საწარმო, სადაც ჩვენი კოლეჯის კურსდამთავრებული არ მუშაობდეს," - ამბობს ანა დათუაშვილი.

წლევანდელ მსმენელებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყეს. სხვადასხვა პროფესიისთვის დამახასიათებელ ტანსაცმლით ბავშვებმა მოდების ჩვენება გამართეს. გორის უნივერსიტეტის ბენდმა კი, კონცერტი გამართა. პროფესიული სასწავლებელი გორის უნივერსიტეტის ბაზაზეა დაფუძნებული.


Print

სტატიის გამოყენების პირობები