ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს
გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ქალაქში მსვლელობით და გორის ციხეზე აქციის გამართვით, თბილისში მოკლულ, 51-ე სკოლის მოსწავლეების მშობლებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

სტუდენტები, სლოგანით ,,ძირს უსამართლობა" გორის უნივერსიტეტის ეზოდან წერეთლის ქუჩის და ციხისუბნის გავლით ქალაქის მთავარ სიმაღლეზე ავიდნენ. წვიმის მიუხედავად, საპროტესტო აქცია არ შეწყვეტილა. გორისციხიდან დაბრუნებულებმა ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს, თეატრის წინ ჩაიარეს და მთავარ მოედანზეც მივიდნენ.

ქვეითთა გადასვლელებზე გაჩარებული ავტომანქანებიდან მძღოლები სიგნალებით ეგებებოდნენ. სტუდენტი ავთანდილ ტიტვინიძე ამბობს, რომ ისინი ყველა იმ აქციას უერთდებიან, რომელიც საქართველოს მასშტაბით იმართება. წარწერით ,,გამოავლინე დამნაშავეები" თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, ორი დღეა, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. აქცია გუშინ გორის თეატრის ეზოშიც გაიმართა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები