ახალი ამბები
,,ადამიანის უფლებათა სახლის" წარმომადგენლები დევნილ ქალებთან კვლევას ატარებენ
გორის დემოკრატიის სკოლაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დევნილი ქალების საჭიროებების კვლევა მიმდინარეობს. ფოკუს ჯგუფის შემადგენლობაში არიან ჟუნალისტები, სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იძულებით გადაადგილებული ქალები და სხვა უფლებადამცველები.

შეხვედრის მონაწილეები ყვებიან, თუ რა პრობლემებში უწევთ ცხოვრება დევნილ ქალებს და რა კეთდება მათი პირობების გასაუმჯობესებლად. ,,ადამიანის უფლებათა სახლი", საჭიროებების კვლევის შედეგად, დევნილ ქალებთან შესაბამისად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში ტრენინგ-სემინარების განხორციელებას გეგმავს.

ეს კი პროექტის შესახებ:  IREX ევროპა, საფრანგეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან“ პარტნიორობით 2018 წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს უფლებადამცველი ქალი ლიდერებისა და „უხილავი ქალების“ აღმოჩენასა და გაძლირებას ევრაზიის რეგიონის ხუთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში.

პროექტის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს ქალი უფლებადამცველების, ან იმ უფლებადამცველების როლის გაზრდას, რომლებიც ქალთა/გოგონების უფლებებს იცავენ. აღნიშნული მხარდაჭერა განხორციელდება ქალებისთვის, ქალთა ორგანიზაციებისთვის ადვოკატირების, ლობირების, სასამართლო პროცესების შესახებ ცოდნის გაღრმავებით. აღნიშნული მხარდაჭერისთვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო აქტივობები: „აკადემია ლიდერებისთვის“, ტრენინგები უნარების განვითარებისთვის. ამასთან, შეიქმნება ონლაინ პლატფორმა აზრთა გაზიარებისთვის და ეფექტური კომუნიკაციისთვის.

იმისათვის, რომ პროექტის განმავლობაში დაგეგმილი საგანმანათლებლო თუ სხვა აქტივობების თემატიკა შესაბამისი იყოს საქართველოში ქალი უფლებადამცველი აქტივისტებისთვის/უჩინარი ქალებისთვის არსებულ საჭიროებებთან, პროექტის დასაწყისში ხორციელდება საჭიროებების კვლევა.

პროექტის ფარგლებში, შეხვედრები მოხდება შემდეგი ორი ჯგუფის საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით:

1. ახალგაზრდა უფლებადამცველები საქართველოში (ქალები, ან უფლებადამცველები, რომელბიც ქალთა/გოგონათა უფლებებს იცავენ)

2. ე.წ. „უჩინარი ქალები“ (ქალები, რომლებიც აქტიურად იცავენ უფლებებს თავიანთ სოციუმში, მაგრამ არ არიან ჩართული ზოგად უფლებადაცვით საქმიანობაში).

აღნიშნული ჯგუფები შესაძლოა მოიცავდეს აქტივისტებს/უჩინარ ქალებს, სოციალურ მეწარმეებს, ქალებს რეგიონებში (სოფლებში), იძულებით გადაადგილებულ პირებს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს (ძირითადად, ეთნიკურად აზერბაიჯანელებს) საქართველოში. პროექტი 26 თვის განმავლობაში გახორციელდება, ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები