ახალი ამბები
სირიელი აქტივისტი: ,,ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რომ ასადმა სამხრეთ ოსეთი აღიარა"
სირიაში, ასადის მთავრობის მიერ, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, მიღებულ გადაწყვეტილებას სირიელი აქტივისტი ეხმაურება. ჩაიდა ოდატი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმა ნინო ჩიბჩიურმა ერევანში ჩაწერა, სადაც ის სამშვიდობო თემაზე გამართულ კონფერენციას ესწრებოდა.

პოლიტიკურ და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ მისმა ქვეყანამ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა რუსეთის გავლენის შედეგად მიიღო. მისი განმარტებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ასადის რეჟიმი მოქმედებს ისე, როგორც რუსეთს მოესურვება. ჩაიდა ოდატი აღნიშნავს, რომ ორად გაყოფილ სირიაში ახლა რთული ვითარებაა და სხვა ქვეყნების საკითხების განსახილველად ადგილობრივებს არ სცალიათ. მისი თქმით, თავად ასადის რეჟიმი რუსეთის გავლენებით მიღებულ გადაწყვეტილებებს არასოდეს ასაჯაროვებს.

,,რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ნაწილის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს, ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რომ სირიის მთავრობამ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. ასეთ რაღაცეებს ასადის რეჟიმი არასდროს ახმაურებს. მე დარწმუნებული ვარ სირიელებმა ჩემსავით არაფერი იციან ამ თემაზე. მრავალი ათეული წელია უკვე დიქტატორული რეჟიმი იმ გადაწყვეტილებას ღებულობს, რაც მხოლოდ რუსეთს სურს." - ამბობს სირიელი აქტივისტი პოლიტიკურ და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში.

,,რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სირიის რეჟიმს ეხმარება. შესაბამისად, რაც რუსეთს სურს, იმას აკეთებს მთავრობა. სირიელებმა არ იციან სხვა ქვეყნების შესახებ. მათ იმდენი შიდა პრობლემები აქვთ, რომ საქართველოზე, უკრაინაზე, სომხეთზე და სხვა ქვეყნების ამბებზე ნამდვილად არ სცალიათ ფიზიკურად. იქ ძალიან რთული მდგომარეობაა. სირია ახლა ორად არის გაყოფილი, ერთში - რევოლუციური ნაწილია, მეორეს კი, რუსეთის და ირანის მხარდაჭერა აქვს, სადაც იმას აკეთებენ, რაც რუსეთს მოესურვება." - აცხადებს ჩაიდა ოდატი.

სირიის მთავრობამ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაურ კოვემ განაცხადა, რომ აფხაზეთმა და სირიის რესპუბლიკამ საელჩოების დონეზე დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები, რაც ადასტურებს საერთო სწრაფვას ყველა სფეროში ურთიერთობების განვითარებისკენ.

29 მაისს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა კომუნიკე, რომლის თანახმად, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ და სირიის არაბთა რესპუბლიკამ გამოაცხადეს ურთიერთაღიარება და დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს.“ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას და ნაურუს. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა 2011 წელს აღიარეს ვანუატუმ და ტუვალუმ, თუმცა, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება გააუქმეს.

------
სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ დელეგაციას მეექვსე წელია ორგანიზაცია ,,დემოკრატია დღეს“ მასპინძლობს. შეხვედრის მონაწილეები სამუშაო გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ და მშვიდობის მშენებლობის პროცესში საკუთარი როლის შესახებ საუბრობენ. საერთაშორისო კონფერენციის 100-მდე მონაწილეთა უმრავლესობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ჟურნალისტი შეადგენდა. ყოველწლიურად კონფერენციამდე ორგანიზატორები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ქალებს აჯილდოებენ, რომლებმაც საქმიანობით საკუთარ ქვეყანაში ცვლილებები განახორციელეს. გასული წლის ლაურიატებს შორის ორი მათგანი საქართველოდანაა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები