ახალი ამბები
მარიხუანით სავსე მინდვრიდან გორის პოლიციამ სადავო ნიორი დააყადაღა
,,აქ უნდა ნახოთ, რა ხდება ხოლმე. როგორც კი, მოსავალს ავიღებთ, მაშინვე მოეფინებიან ხოლმე არემარეს. სავსეა აქაურობა ველური კანაფით" - ამბობს მოსავლის მფლობელი, რომელსაც წუხელ ნიორი დაუყადაღეს.

წუხელ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, 60 მეასედ მიწის ნაკვეთში, ტერმელაშვილების ოჯახის მიერ მოყვანილი ნიორი დააყადაღეს და პოლიციის მონაწილეობით საწყობში გადაიტანეს. ნაკვეთში მხოლოდ ველურად ნაზარდი მარიხუანა დარჩა.

პროკურატურის დავალებით, გორის შს სამმართველოს მეჯვრისხევის განყოფილებამ გამოძიება ტერმელაშვილების წინააღმდეგ ქურდობის მუხლით დაიწყო.

გამოძიების დაწყების საფუძველი კომპანია ,,ფილობათერის" წარმომადგენელის ზარი გახდა 112-ზე, რა დროსაც პოლიციას აცნობა, რომ მათ კუთვნილ ნაკვეთიდან ნიორს იპარავდნენ. გაირკვა, რომ ნიორი მიწის ნაკვეთზე ტერმელაშვილის ოჯახმა მოიყვანა. გუშინ მიწიდან ამოიღეს და  მზეზე გასაშრობად დააწყეს.

გვიან საღამოს, მეჯვრისხევის განყოფილებაში ტერმელაშვილების ოჯახის წევრები დასაკითხად დაიბარეს. მათ ინტერესებს ადვოკატი ზაზა გიგაური იცავს.  ზაზა გიგაური ამბობს, რომ ნიორი ტერმელაშვილების საკუთრებაა.



ფოტოზე: ადვოკატი ზაზა გიგაური, ტერმელაშვილების ოჯახის ადვოკატი

,,საქმე იმაშია, რომ მიწის ნაკვეთის თაობაზე ტერმელაშვილებს და ეგვიპტური კომპანიის წარმომადგენლებს დავა აქვთ. ისინი 2013 წლიდან 2015 წლამდე პარტნიორები იყვნენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოსავალს ტერმელაშვილები საკუთარი სახსრებით უვლიან. 2017 წლის დეკემბერში, კომპანიის იურისტმა პოლიციას აცნობა, რომ მის ნაკვეთში ტერმელაშვილმა ნიორი დათესეს. პოლიციამ უპასუხა, რომ წარმოადგენდა სამოქალაქო დავას და ედავათ სასამართლოში. სასამართლოში დავა არ წასულა. როგორც ჩანს, დააცადეს ოჯახს, რომ ნიორი მოეყვანათ, შემდეგ კი, მოსავალი თავად დარჩენოდათ" - აცხადებს ზაზა გიგაური.

ადვოკატი აცხადებს, რომ უნდა გაიმიჯნოს ორი საკითხი - მიწაზე დავა და ნივრის მფლობელობა.

,,ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე ამბობს, რომ ნიორს იპარავდნენ, თუმცა აღიარებს, რომ ეს მისი ნიორი არაა. ამას თავად წერენ ზამთარში. უფრო მეტიც, წერენ, რომ მიწის ნაკვეთში ნიორი ტერმელაშვილებმა დათესეს. აქედან გამომდინარე, თუკი ნიორი ტერმელაშვილებმა დათესეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ნიორი ტერმელაშვილების საკუთრებაა" - აცხადებს ზაზა გიგაური.

რაც შეეხება მიწაზე დავას, ზაზა გიგაური ამბობს, რომ ამ დავას ქურდობასთან შეხება არა აქვს.

,,როგორც ზემოთ აღვნიშნე, მიწის მესაკუთრეობის საკითხი ცალკე განსახილველია. არსებობს წერილობითი სახის ხელშეკრულებები, სადაც ჩანს, რომ 2013 წელს ოჯახის უფროსმა ტერმელაშვილმა ფული ასესხა კომპანიის წარმომადგენელს, შემდეგ ამ ფულით იყიდა მიწის ნაკვეთი იმავე ტერმელაშვილებისგან. თანაც, თანხა ბოლომდე არაა გადასხდელი." - აცხადებს ზაზა გიგაური.



ფოტოზე: კომპანიის წარმომადგენელი პოლიციისგან ელოდება ნივრის დაყადაღებას და საწყობში გადატანას

კომპანია ,,ფილობათერის" წარმომადგენელი-იურისტი წუხელ ნივრის ბაღებთან იმყოფებოდა. მან ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. საჯარო რეესტრში ნაკვეთი მის სახელზეა რეგისტრირებული. რაც შეეხება ნიორს, ჩვენს კითხვაზე, მიიღეს თუ არა მონაწილეობა ნივრის მოყვანაში, კომპანიის წარმომადგენელმა დუმილი ამჯობინა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები