ახალი ამბები
რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე შიდა ქართლიდან ,,ენმ"-ს წევრებიც გაემგზავრნენ
თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე შიდა ქართლიდან ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" (ენმ) წევრები უკვე გაემგზავრნენ. ამის შესახებ ფოტოებს შიდა ქართლის ოფისის წარმომადგენლები ავრცელებენ.

პარტიის რეგიონული ოფისის წარმომადგენლების განცხადებით, შიდა ქართლიდან ასეულობით მოქალაქე მიემგზავრება.

აქცია, რუსთაველის გამზირზე 16 საათზე იყო დაგეგმილი და ერთი საათით გადაიდო. როგორც აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რეგიონებიდან მოქალაქეების დედაქალაქში შემოსვლას ელოდებიან.

რუსთაველის გამზირზე მოითხოვენ თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმის ობიექტურ გამოძიებას.

დღესვე სახალხო დამცველი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია მათ მიერ შესწავლილი საქმის გარემოებების შესახებ.

,,ჩვენი აპარატის წარმომადგენლებმა მაქსიმალურად ინტენსიურ რეჟიმში შეისწავლეს მკვლელობის და დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობის გამოძიების ის მასალები, რომელიც სასამართლოში გაიგზავნა. 5 დღეში მოვახერხეთ 10 ტომის შესწავლა დეტალურად; შევძელით ყველაზე მნიშვნელოვანი მასალების კრიტიკულად გააზრება და დოკუმენტების ურთიერთშედარება. ჯერ-ჯერობით არ გავცნობივართ მხოლოდ მოწმეზე ზემოქმედების საქმის იმ დეტალებს, რომელსაც ამ ეტაპზე ინტენსიურად იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. თუმცა, უახლოეს დღეებში შსს ეტაპობრივად გაგვაცნობს აღნიშნული გამოძიების მასალებსაც." - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.



Print

სტატიის გამოყენების პირობები