ახალი ამბები
გორის საბავშვო ბაღების ბავშვებს ჩოხოსანთა რიგებში გაწევრიანებას სთავაზობენ
ქალაქ გორის საბავშვო ბაღებში ბავშვებს ჩოხოსანთა რიგებში გაწევრიანება შესთავაზეს. ამის თაობაზე, ბაღების ხელმძვანელებს ანკეტები დაურიგეს. ანკეტები კი, მშობლებს გადასცეს.

გორის მესამე საბავშვო ბაღის დირექტორი ხათუნა ილურიძე ამბობს, რომ მისი საბავშვო ბაღის 12 აღსაზრდელის მშობელმა მზადყოფნა უკვე გამოთქვა. მეორე საბავშვო ბაღის დირექტორის ნონა ბუხრაძის თქმით, ჯერ-ჯერობით, მისი ბაღიდან არც ერთი ბავშვის ანკეტა არ შევსებულა. 6 ბავშვის ანკეტაა შევსებული მეოთხე ბაღში. გორის 1-ლი ბაღის დირექტორი ლალი ბაიაძე ამბობს, რომ ანკეტები სურვილის მიხედვით, შეეძლოთ შესასვლელი მაგიდიდან აეღოთ მშობლებს.

,,ჩვენთან მოვიდნენ ჩოხოსანთა საზოგადოებიდან, რომელსაც თან მოყვნენ მერიის თანამშრომლები და გვითხრეს, რომ ნორჩ ჩოხოსანთა საზოგადოებაში სურთ ბავშვების გაწევრიანება. გადმოგვცეს ანკეტები შესავსებად, შემდეგ ეს ანკეტები მშობლებს გადავეცით. ვისაც სურვილი აქვს, რომ მისი შვილი ნორჩი ჩოხოსაი გახდეს, რა თქმა უნდა, შეავსებს." - ამბობს მეოთხე ბაღის დირექტორი მარინე ინაური.

საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტის შესახებ პირველად ესმის: ,,ჩემამდე ეს ინფორმაცია არ მოსულა. გავარკვევ აუცილებლად,' - აცხადებს ლია კოვზიაშვილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უთხრეს, რომ ანკეტებში ივსება ბავშვის სახელი და გვარი, ასევე დედულ-მამული, მოძღვრის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები