ახალი ამბები
მეჯვრისხევში სტიქიით დაზარალებულების სანახავად გუბერნატორი მივიდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევსა და მის მიმდებარე სოფლებში დღეს წვიმა და სეტყვა მოვიდა. უხვი ნალექის შემდეგ, სოფელ ღრომის ფერდობებიდან მომავალი წყლის დიდი მასა სარწყავ არხებში დაგროვდა.

არხებმა წყალი სრულად ვერ გაატარა და ეზოებისკენ გადავიდა. საცხოვრებელი სახლები დაიტბორა პატარა მეჯვრისხევისა და მექვაბიანთუბნის დასახლებაში. დაზარალდნენ გოგიშვილები, ბლუაშვილები, სამხარაძეები და მათი მეზობელი ოჯახები.

სეტყვამ სხვადასხვა ხარისხით დააზიანება მიაყენა ხეხილსაც. ხეხილთან დაკავშირებით ზარალის ოდენობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სწავლობენ, ხოლო სარწყავი არხების პრობლემას მელიორაციის სამსახურის თანამშრომლები სწავლობენ.



ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ დღით ისედაც გაუწმენდავ არხებში წყალი იყო გაშვებული, რასაც უხვი ნალექი დაემატა. სოფელში სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების გამოძახება გახდა საჭირო. დატბორილი სახლებიდან წყლის ამოქაჩვა დაიწყეს.

საღამოსვე სოფელში შიდა ქართლის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ჩავიდა. მან მექვაბიანთუბანში და პატარა მეჯვრისხევში დაზარალებული ოჯახები მოინახულა. მისი თქმით, ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია შეისწავლის და ყველა მათგანს შესაბამისი დახმარება გაეწევა.

იხ. ფოტორეპორტაჟი

Print

სტატიის გამოყენების პირობები