ახალი ამბები
ქვეშის საჯარო სკოლის რეაბილიტაციას აშშ-ს მთავრობა დააფინანსებს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ამერიკის მთავრობის დაფინანსებით განახორციელებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სკოლის დირექტორმა ლელა ბიბილურმა განუცხადა.

მისი თქმით, სალეჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრა ცოტა ხნის წინ გაიმართა, სადაც სკოლის წარმომადგენლობას აცნობეს, რომ სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყება. 

ქვეშის საჯარო სკოლის შენობა ავარიულია. შედარებით უარეს მდგომარეობაშია სპორტული დარბაზი. სპეციალისტების გადაწყვეტილებით, ძველი სპორტული დარბაზი მთლიანად დაინგრევა. მის ნაცვლად კი, ახალი დარბაზი გაკეთდება.

სკოლის რეაბილიტაციას, 2017 წლის ოქტომბერში, განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოს დაფინანსებით აპირებდნენ. თუმცა, ტენდერი აღარ გამოცხადდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ 2017 წლის ნოემბერში ქვეშის სკოლაში ჭერი ჩამოინგრა. ამის გამო, სასწავლო პროცესი შეწყვიტეს. 229 ბავშვიდან 82 მოსწავლე ქვემო არცევის დაწყებით სკოლაში გადანაწილდა. დანარჩენი 147 - გარეჯვრის სკოლაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები