ახალი ამბები
ახალგორის საბავშვო ბაღიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის ეთნიკური ოსებიც არიან
ახალგორის (ლენინგორის) რაიონში დაითხოვეს საბავშვო ბაღის ყველა მუშაკი, ვინც არ ფლობს ორ ენას - ოსურსა და რუსულს. მათ შორის, მოხვდნენ ისეთები, რომლებიც ეთნიკური ოსები არიან. ამის შესახებ ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი ,,ეხოკავკაზ"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

,,ეხოკავკაზ"-ის ცნობით, ადგილობრივები ამ დათხოვნებს რაიონის ქართულენოვანი მოსახლობის დისკრიმინაციის მორიგ გამოვლენად აღიქვამენ.

ახალგორის (ლენინგორის) დასახლებაში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ახალი საბავშვო ბაღი. ეს ბაღი მოემსახურება რუსეთის სამხედროების ოჯახების შვილებსაც.  გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში რუსეთის ელჩი მარატ კულახმეტოვი. ორი ძველი ბაღის ნაცვლად აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, სადაც ოთხ ჯგუფში ისწავლის 60 აღსაზრდელი, თუმცა დაწესებულება გათვლილია 100 ბავშვზე.

„ეს სოციალურად მნიშვნელოვანი ობიექტია, რომელიც კარგად გამოადგება რაიონის მაცხოვრებლებს და რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ბიბილოვმა გახსნის ცერემონიაზე.

,,ეხოკავკაზ"-ის ჟურნალისტი დაინტერესდა იმ ფაქტებით, რაც ზეიმის ფარგლებს გარეთ დარჩა, საბავშვო ბაღების თითქმის მთელი ძველი პერსონალი, ვინც არ ფლობდა რუსულ და ოსურ ენებს, სამსახურიდან დაითხოვეს. ამასთანავე, თუ სკოლის მასწავლებლებისგან მოითხოვება მხოლოდ რუსული ენის ცოდნა, და ამიტომ იქ მუშაობენ სამხედრო მოსამსახურეების ცოლები, საბავშვო ბაღში მუშაობისათვის, თუნდაც დამლაგებლად, ახლა საჭიროა რუსული და ოსური ენების ცოდნა. ეს არის ახალი საბავშვო ბაღის ჩაბარებამდე ხელმძღვანელების მიერ დაყენებული მოთხოვნა.



,,ძველი მუშაკების გაშვების შემდეგ დარჩა უამრავი ღია ვაკანსია, მაგრამ ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, პრინციპულობას იჩენს ამ საკითხში. მათ შორის, ვინც სამუშაოს გარეშე დატოვეს, ეთნიკური ოსი მეტია, ვიდრე ქართველი. ეს არიან ოსები, რომლებიც აქ ომამდე ცხოვრობდნენ და მათ არ ჰქონდათ პირობებიესწავლათოსური.აქ ომის შემდეგაც არ იყო საშუალება, რომ მშობლიური ენა ესწავლათ, თუნდაც საყოფაცხოვრებო დონეზე“. - - ამბობს ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი.

,,ეხოკავკაზი"- ამ ათი წლის განმავლობაში რესპუბლიკის ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ადგილობრივი მოსახლეობის ენობრივი ადაპტაციისთვის?

თამარ მეარაყიშვილი: ,,- მცდელობაც კი არ ყოფილა გახსნილიყო მოზრდილებისთვის ოსური ან რუსული ენის რაიმე კურსები, სექცია ან კლასი. ერთადერთი, რაც არის რაიონში, ესაა საშუალო სკოლაში სწავლება. გარდა ამისა, არის ოსური ენის წრე ბავშვთა შემოქმედების სახლში, რომელიც გავხსენი ომის დამთავრებისთანავე, როდესაც იქ ვმუშაობდი დირექტორად. გამიჩნდა ასეთი შესაძლებლობა და უკვე 10 წელია, რაც ეს წრე ფუნქციონირებს, მაგრამ ის განკუთვნილია მხოლოდ ბავშვებისათვის“.

(დე-ფაქტო) სამხრეთ ოსეთში ძალიან ბევრს საუბრობენ ახალგორის (ლენინგორის) რაიონის ოსური მოსახლეობის ასიმილაციის პრობლემაზე. მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა ოსური ენა არ იცის. ჟურნალისტის ცნობით, ამის საპირისპიროდ კი, არაფერი კეთდება.

,,თუმცა ამის გაკეთება შესაძლებელი იყო ხელისუფლების ნებისმიერ დონეზე, სურვილი რომ ყოფილიყო, რესპუბლიკის პრეზიდენტიდან დაწყებული, საშუალო რგოლის რაიონული ხელმძღვანელობებით დამთავრებული, როგორც ეს გააკეთა, მაგალითად, თამარმა. მან უბრალოდ მოითხოვა ნებართვა განათლების რაიონულ განყოფილებაში და გამოყო ერთი განაკვეთი ოსური ენის წრისათვის. სულ ეს იყო. სულ სხვა საქმეა, - ამბობს თამარი, - არასაბავშვო წრის, არამედ მოზრდილებისთვის კურსების ორგანიზება. ეს საქმე უკვე სხვა დონის სპეციალისტებს საჭიროებდა" - აღნიშნულია სტატიაში.

თამარ მეარაყიშვილი: „თავის დროზე ვეძებდი ქალიშვილისთვის ოსური ენის რეპეტიტორს. არავის მინდა ვაწყენინო, მაგრამ დასახლებაში არ არის ისეთი მასწავლებელი, რომელიც ფლობს სწავლების ისეთ მეთოდიკას, რომ ოსური ენა აითვისო, თუნდაც საყოფაცხოვრებო დონეზე. არის ასეთი პრობლემა. მე დავურეკე კულტურის განყოფილების უფროსს ბესარიონ ბითაროვს და შევეკითხე: „ხომ არ შეგიძლიათ გახსნათ ენის კურსები და დაპატიჟოთ კვალიფიცირებული სპეციალისტი ცხინვალიდან-მეთქი მან მიპასუხა, რომ კულტურის განყოფილებას არ გააჩნია სახსრები იმისათვის, რომ დაპატიჟოს სპეციალისტი ცხინვალიდან. მითხრა, რომ ამ წინადადებით უნდა მივმართო რაიონის გამგებელს, მაგრამ არც იმას აქვს ფული“.

,,ალბათ დამეთანხმებით, რომ რთულია დაიჯერო, რომ რაიონში, სადაც თითქმის ყველა მოხელე ან მოსამსახურე ითავსებს სამ-ოთხ განაკვეთს, შეუძლებელი იქნებოდა მშობლიური ენის კურსებისთვის ხელფასების გამოყოფა. ეს საკითხი ეხება არა შესაძლებლობებს, არამედ მოტივაციას. სახელმწიფო ვალდებული იყო უზრუნველეყო ადგილობრივი მოსახლეობის ენობრივი ადაპტაცია, მაგრამ მან თავისი ვალდებულებები არ შეასრულა."

„ისინი, ვინც გუშინ სამსახურის გარეშე დატოვეს, 10 წლის წინ საქართველოში არ წავიდნენ, მათ თითქოს გადაუკეტეს საკუთარ თავს ეს გზა და აქ ცხოვრება და მუშაობა არჩიეს. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი სადაბო საბავშვო ბაღი იყო პირველი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ შეუწყვიტა დაფინანსება 2008 წლის ოქტომბერში. მათ შესთავაზეს არჩევანი: ან გადასულიყვნენ სამუშაოდ წეროვანში, ან დარჩენილიყვნენ ახალგორში (ლენინგორში) ხელფასების გარეშე. ამ დროიდან მათ, სკოლებისგან განსხვავებით, აღარ აუღიათ ქართული ხელფასი.  მაგალითად, რაიონის რუსული სკოლა ამ დრომდე ოსურთან ერთად ქართულ ხელფასსაც იღებს."

(საქმე იმაშია, რომ საბავშვო ბაღებს აფინანსებს მუნიციპალიტეტი, სკოლებს კი - სახელმწიფო. თითოეული სტრუქტურა იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას დაფინანსების თაობაზე - „ეხოკავკაზის“-ს შენიშვნა).

,,მინდა აღვნიშნო, რომ პირველი ხელფასების გადახდა რაიონში ცხინვალმა დაიწყო მხოლოდ 2008 წლის დეკემბერში, ანუ ხალხი დარჩა იმ მიზეზით, რომ მიეღო მეტი ხელფასი, ისინი უბრალოდ გულწრფელად დარჩნენ საკუთარ სახლებში, თავიანთ სამსახურებში. სახელმწიფომ კი ისინი საარსებო სახსრების გარეშე დატოვა." - განმარტავს თამარ მეარაყიშვილი. 

როგორ წყდება კადრების ჩანაცვლების საკითხი - მათი, ვინც არ ფლობს ენებს, მათზე ვინც ენები იცის. ,,ეხოკავკაზ"-ის ჟურნალისტის ცნობით, დათხოვნილი ახალგორელების (ლენინგორელების) ადგილებზე მიჰყავთ მოქალაქეები ოსური სოფლებიდან - წინაგარიდან, ორჭოსანიდან და ა.შ. ასეთია ანატოლი ბიბილოვის ხელისუფლების პოლიტიკა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დისკიმინაციულად აღიქვამს. ,,მათ მიანიშნებენ, რომ ზედმეტნი არიან, და მიუთითებენ კარზე, უფრო სწორად „რაზდახანის“ გამშვებ პუნქტზე." - ასკვნის ჟურნალისტი მურატ გუკემუხოვი. 
Print

სტატიის გამოყენების პირობები