ახალი ამბები
კასპელ ბიზნესმენებს 1,3 მლნ ლარი აღარ დაუბრუნეს - სპირტად გადაქცეული ხორბლის ამბავი
2018 წლის 18 მარტს, კასპელ ბიზნესმენებს 1,3 მლნ ლარი საბოლოოდ ჩამოართვეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიიღო. მთავარი პროკურატურის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ბიზნესმენ ზვიად ჩხიკვიშილის სახელით აღსრულების ბიუროს ანგარიშზე შეტანილი თანხა საბოლოოდ ბიუჯეტში გადაირიცხა.

თანხა ანაგარიშზე 2012 წლის მაისში შეიტანეს. თანხის შემტანი ზვიად ჩხიკშვილის დეიდაშვილი იყო. ზვიად ჩხიკშვილი კი, დაკავებული ჰყავდათ.

იაფი კრედიტის ამბავი

კომპანია ,,ღვარები“ კასპში 2004 წლის 14 სექტემბერს შეიქმნა, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო მარცვლოვანი კულტურების დათესვა, მოყვანა და რეალიზება. შპს „ღვარების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ზვიად ჩხიკვიშვილი, რომელიც, სასამართლოს შეფასებითაც, ფაქტობრივად უძღვებოდა ფირმის საქმიანობას.

2006 წლის ივნისიდან, საქართველოში, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მეთესლეობის განვითარების პროგრამის განხორციელება დაიწყო, აღნიშნული მიზნად ისახავდა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უსასყიდლოდ გადაცემული სასურსათო ხორბლის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხებიდან, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მეთესლეობის განვითარებას.

პროგრამაში მონაწილეობა მიიღო შპს „ღვარებმა“, რომელმაც წარდგენილი ბიზნეს-გეგმის მეშვეობით, სახელმწიფოსაგან მიიღო 7 წლის ვადით მიზნობრივი საშეღავათო კრედიტი 1 300 000 ლარის ოდენობით, რის თაობაზეც 2006 წლის 22 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა (გამსესხებელს) და შპს „ღვარებს“ (მსესხებელს) შორის გაფორმდა ხლშეკრულება.

ხელშეკრულების თანახმად, შპს „ღვარებს“ სესხის დაფარვა უნდა დაეწყო 2009 წლის მე-4 კვარტლიდან, ყოველწლიურად 260 000 ლარის ოდენობით და სრულად დაეფარა 2013 წელს.

2007 წელს შპს „ღვარებს“ გადაერქვა სახელი და ეწოდა „აგროგრუპი“, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომერი დარჩა იგივე.

,,აგროგრუპის“ წევრების დაკავება

2010 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიმართა სასამართლოს საჩივრით და მოითხოვა შპს ,,აგროგრუპისგან“ მიყენებული ზიანის ანაზღაურება. 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „აგროგრუპს“ დაეკისრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ 1 404 000 ლარის გადახდა. გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება არ შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ, არ განახორციელა ათვისებული სესხის დაფარვა ხელშეკრულებით დადგენილი გრაფიკის მიხედვით.

მომდევნო, 2011 წელს, საქართველოს მთავარი პროკურატურის 2011 წლის 6 მაისის დადგენილებით ზვიად ჩხიკშვილი ცნობილ იქნა ბრალდებულად სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა, მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) და 208-ე მუხლით (სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებულ დანაშაულში.

სპირტის ბიზნესი მეთესლეობის ნაცვლად

პროკურატურის დადგენილებაში მითითებულია, რომ სახელმწიფოსაგან 1 300 000 ლარის კრედიტის მიღების შემდგომ, შპს „ღვარების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, იმავე ფირმის დირექტორმა და კასპის სპირტის ქარხნის დირექტორმა შექმნეს მყარი კარგად ორგანიზებული ჯგუფი, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის დაფარვის გზით, უკანონო ქონების ლეგალიზება.

პროკურატურის მტკიცებით, ზვიად ჩხიკშვილის როლი ორგანიზებულ ჯგუფში გამოიხატებოდა, მითითებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობაში.
,,დანაშაულებრივი განზრახვის აღსრულების მიზნით, სახელმწიფოსაგან მიღებული მიზნობრივი კრედიტის ფარგლებში მიღებული თანხით შპს „ღვარების“ დამფუძნებელი და ფაქტობრივი ხელმძღვანელი, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, 2006-2008 წლებში ახორციელებდა სპირტის არალეგალურ წარმოებასა და რეალიზაციას.“ - აღნიშნულია პროკურატურის დადგენილებაში.

საქართველოს მთავარი პროკურატურის 2011 წლის 6 მაისის დადგენილებაში ასევე მითითებულია, რომ გაცემული კრედიტი არ ითვალისწინებდა ნედლეულისაგან სპირტის წარმოებას.

,,მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „ღვარების“ მიერ სახელმწიფოსაგან ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევით, არამიზნობრივად, პირადი გამორჩენის მიზნით, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად „საფურაჟე სიმინდისაგან“ და „სორგოსაგან“ ხდიდა სპირტს და არალეგალურად ახორციელებდა მის რეალიზაციას, რითაც ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ უკანონოდ მიღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავალი. სპირტის არალეგალური წარმოების შედეგად, უკანონოდ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები ახორციელებდნენ სხვადასხვა უძრავი თუ მოძრავი ქონების შეძენასა და საწარმოო პროცესის განვითარება-გაფართოებას.“ - აღნიშნულია პროურატურის დადგენილებაში.
სასამართლო კოლეგიის 2011 წლის 9 სექტემბრის განაჩენით ზვიად ჩხიკვიშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ.

2012 წლის 7 მარტს საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის პროკურორსა და ბრალებულს შორის საპროცესო შეთანხმება შედგა. სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით, 4 თვით; 1 წელი. ასევე, პირობითი მსჯავრი - 11 თვე და 26 დღე , ხოლო გამოსაცდელი ვადა - 2 წელი, 11 თვე და 26 დღე.

რაც შეეხება სახელმწიფოზე მიყენებულ ზიანს, საპროცესო განაჩენში წერია, რომ (იაფი კრედიტის ფარგლებში მიღებულ სესხს) ზვიად ჩხიკვიშვილი აანაზღაურებდა 2012 წლის 1 ივნისამდე. სწორედ, ეს ჩანაწერი გახადა სადავო ზვიად ჩხიკვიშვილის ნათესავმა, რომელმაც თანხა სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანა.

რატომ შეიტანა დეიდაშვილმა მილიონზე მეტი ლარი?

2012 წლის მაისში ბრალდებულის დეიდაშვილმა სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე 1 მლნ 300 000 ლარი შეიტანა. საგადახდო დავალებების გადახდის დანიშნულების გრაფაში მიუთითა - ,,ზვიად ჩხიკვიშვილის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება“.

რამდენიმე ხნის შემდეგ, ბრალდებულის დეიდაშვილმა მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ მის მიერ სხვის სახელზე უმართებულოდ გადახდილი იყო თანხა. მსჯავრდებულის დეიდაშვილი საჩივრებში აღნიშნავს, რომ იმ ოდენობის თანხა, რაც მან ზვიად ჩხიკშვილის სახელით შეიტანა, არ უნდა გადაეხადა. ამის მიზეზად, საპროცესო განაჩენში ზიანის თანხის მიუთითებლობას ასახელებდა.

საჩივრის საფუძველზე, ზვიად ჩხიკვიშვილის ნათესავის მიერ შეტანილი თანხა ანგარიშზე ,,გაიყინა“. ზვიად ჩხიკშვილის ნათესავი ამბობდა, რომ ეს თანხა არ უნდა გადაირიცხოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშზე და უნდა დაუბრუნდეს შემტანს. სარჩელის ავტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროცესი მოიგო, თუმცა 2017 წელს მთავარმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში იჩივლა.

უზენაესმა სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოსაზრება, რომ განაჩენში ასანაზღაურებელი ზიანის თანხის ოდენობა არ იყო მითითებული; და რომ არ არსებობდა ზიანის თანხის გადახდის ვალდებულება. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზვიად ჩხიკვილის სახელით შეტანილი თანხა ბიუჯეტში უნდა გადაირიცხოს და არ დაუბრუნდეს შემტანს. უზენაესმა სასამართლომ ასევე გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები