ახალი ამბები
სოსო ნემსაძე: ,,გორის კომედიის ფესტივალის არსებობა მერიაზეა დამოკიდებული"
ფესტივალის დასკვნით საღამოზე 25 ადამიანის, მათ შორის, საჯარო მოხელეების პროტესტის მიუხედავად, ყოველწლიურად ნაომარი ქალაქი კომედიურ ფესტივალს კვლავ უმასპინძლებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კომედიის ფესტივალის დირექტორმა, სოსო ნემსაძემ განუცხადა.

მისი თქმით, 14 ივნისს მომხდარი ფაქტი ჩვეულებრივი მოვლენაა და ამას ფესტივალის არსებობა ან არარსებობაზე არც უმოქმედია:

,,ამ ფესტივალის არსებობა დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, დაფინანსებაზე. თუ მერია გააგრძელებს მის დაფინანსებას, რა საკვირველია, ფესტივალი გაგრძელდება. მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან კარგი ფესტივალი, რომელიც უხდება გორს და ის გორში უნდა არსებობდეს." - აცხადებს სოსო ნემსაძე. ამბობს, რომ ფესტივალის გაგრძელების თაობაზე, მერიასთან რაიმე საკამათო საკითხი არ წამოჭრილა:

,,ის, რაც მოხდა დასკვნით საღამოზე, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს დაესწროს ან არ დაესწროს სპექტაკლს და გავიდეს. რაც შეეხება რეპერტუარს, მის შერჩევაში მონაწილეობა არ მიგვიღია. თვითონ თეატრების დასები არჩევენ," - განმარტავს ფესტივალის დირექტორი. - ,,თუმცა, მე ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი"

საუბარია ,,სამეფო უბნის" თეატრის დასის მიერ გორის თეატრის სცენაზე წარდგენილ ,,დემონებზე", რომლის მიმდინარეობისას, მაყურებელმა (25-მა ადამიანმა) დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. გორის მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა კომედიის ფესტივალის დირექტორს უთხრა, რომ დასკვნით საღამოზე კულტურული საზოგადოებისათვის უხამსი სიტყვების მოსმენა მიუღებელი იყო.

,,ჩვენ ძალ-ღონე არ დავიშურეთ იმისათვის, რომ ფესტივალის არსებობა გორში გაგრძელებულიყო. მართალია, მენეჯერთან გარკვეულ საკითხებზე გაუგებრობები გვქონდა, მაგალითად ფრანგული თეატრის ჩამოყვანაზე, მაგრამ ვთვლით, რომ ამ ხარვეზების მიუხედავად, ფესტივალი გორში უნდა დარჩეს. თუმცა, ეს უნდა იყოს კომედიური ფესტივალი, და არა ისეთი, რაც ვნახეთ დასკვნით საღამოზე," - აღნიშნა ეკატერინე სუხიშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში. 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ კომედიის ფესტივალის დასკვნით საღამოსთვის შერჩეული პროგრამა არ მოეწონა გორის მერსაც, კოტე თავზარაშვილს. მართალია, სპექტაკლზე ის ბოლომდე დარჩა, მაგრამ მხოლოდ ზრდილობის გამო. ,,მე ვფიქრობ, ცოტა მეტი დაფიქრება ჭირდება რეპერტუარის შერჩევას მაშინ, როდესაც ფესტივალი საერთო დღესასწაულია. შესაბამისი სამსახურები ალბათ ამას გაითვალისწინებენ. ჩვენ ვიცოდით, რომ დასკვნით საღამოზე რუსთაველის თეატრის დასი უნდა წარდგენილიყო. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ჩემი აზრით, მენეჯმენტმა ვერ იმუშავა" - აცხადებს კოტე თავზარაშვილი.

მისი მოადგილე, ეკატერინ სუხიშვილი განმარტავს, რომ ფესტივალის მენეჯერთან ბევრი კითხვებია: ,,ფესტივალის განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი სპექტაკლი იყო წარმოდგენილი. მაგრამ, იყო სპექტაკლები, სადაც 50 მაყურებელიც კი არ ესწრებოდა. რაც უფრო ბევრი ბევრი ბილეთები გაიყიდებოდა, ეს ხომ უფრო ბევრ მოგებას მოუტანს ჩვენს ადგილობრივ თეატრს. ვერ გავიგეთ ასევე ფრანგული თეატრის ჩამოყვანის საკითხიც. მოგვწერეს, რომ თანხა გამოგვეყო მათთვისაც, მაგრამ მერე გაირკვა, რომ არ ჩამოდიოდნენ. ფაქტობრივად, მოტყუებულები დავრჩით. მე ვფიქრობ, მენეჯერმა ვერ იმუშავა კარგად. რაც შეეხება ფესტივალს, მე ამისათვის დიდ მადლობას ვუხდი სოსო ნემსაძეს, რომ ამ ქალაქს ასეთი შესანიშნავი ფესტივალი აჩუქა და ამდენი წელია არსებობს" - ამბობს ეკა სუხიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები