ახალი ამბები
ქვემო ჭალაში სასმელი წყლის ახალი სისტემა დაზიანდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, ორ ადგილას, სასმელი წყლის მილებიდან წყალმა ამოხეთქა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლიდან აცნობეს.

ინფორმაციას ადასტურებს კასპის ,,სოფლის წყალის" დირექტორი, რომლის განცხადებით, დაზიანებული კერების აღდგენა დროულად მოხდება. ,,ჩემი ინფორმაციით, გადაბმის ადგილებია დაზიანებული, წნევამ ვერ გაუძლო და ამოხეთქა წყალმა," - აღნიშნავს ,,სოფლის წყალის" დირექტორი. აღნიშნული კომპანია მუნიციპალიტეტის ბალანსზეა.

კასპის მერის მოადგილე ზაზა მარიდაშვილი ამბობს, რომ საქმე გვაქვს არა თუ ჩვეულებრივ, არამედ ,,არაჩვეულებრივ" მოვლენასთან, თუმცა აცხადებს, რომ ასეთი შემთხვევებისგან არავინაა დაზღვეულია: ,,მე ჯერ არ ვარ საქმის კურსში, მაგრამ შესაძლოა რაღაც დაზიანდა. ეს ჩვეულებრივი მოვლენა" - აცხადებს ზაზა მარიდაშვილი. ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ თვლის 2017 წლის ნოემბერში დამთავრებულ ქსელის დაზიანების ფაქტს ,,ჩვეულებრივ" მოვლენად, გვპასუხობს: ,,კი ბატონო, არა ჩვეულებრივ მოვლენასთან გვაქვს საქმე,"

კასპის ,,სოფლის წყალის" დირექტორის, ზურაბ ბახტაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის 40 სოფელში ანალოგიური მოვლენაა:

,,სადაც ძველი მილებია, სულ ასეთი პრობლემებია. მაგრამ, იქ, სადაც გაკეთდა, არც ისინია კარგად გაკეთებული. ჩემი აზრით, შეცდომები დაშვებულია პროექტირების დროს. წნევას როდესაც ვერ უძლებს მილი, ამ შემთხვევაში, პროექტირების დროს უნდა გათვალისწინებულიყო მომავალი საფრთხე" - აღნიშნავს ზურაბ ბახტაძე.

კასპის ვიცე-მერის თქმით, დაზიანებულ კერებს ქვემო ჭალაში ის კომპანია აღმოფხვრის, რომელმაც სამუშაოები გასულ წელს შეასრულა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი 2017 წლის აპრილში წერდა, რომ ქვემო ჭალაში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო.

,,პროექტი წყალსადენის მაგისტრალის ქსელების და სათავე ნაგებობის სრულ რეაბილიტაციას, ასევე, დრენაჟის მოწყობას, რეზერვუარის რეაბილიტაციას, შიდა დაქსელვას, ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას, საქლორატოროს და დარაჯის ოთახის აშენებას ითვალისწინებს. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ ასრულებს. ,,პროექტის განხორციელება - სოფლის მოსახლეობას სასმელი წყლით სრულად უზრუნველყოფს. სამუშაოების ღირებულება 876 505 ლარია, რომელიც 70% ცენტრალური ბიუჯეტიდან, ხოლო 30 % ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება - აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა გასულ წელს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები