ახალი ამბები
შავშვების სკოლის ერთ კლასში ფიზიკა-ქიმია 10-მა მოსწავლემ ვერ ჩააბარა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში 10-მა მოსწავლემ ქიმიისა და ფიზიკის საგნებში გამოცდები ვერ ჩააბარა. ამის მიზეზად სკოლის დირექტორი მარინა მჭედლიძე გაცდენებს ასახელებს.

მისი თქმით, გამოცდები ვერ ჩააბარეს როგორც შავშვებში, ასევე, მეზობელ სოფლებში მცხოვრებმა მოსწავლეებმა. ესენი არიან წითელუბნელი, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები და ნაწრეტელი ბავშვები. კლასში, სადაც 10 მოსწავლე ქიმია-ფიზიკაში ჩაიჭრა, 22 მოსწავლეა.

,,მიუხედავად იმისა, რომ სკოლას ავტობუსი ემსახურება, ძალიან ხშირია ამ ბავშვებისგან სკოლის გაცდენის ფაქტები. ამის თაობაზე, საქმის კურსში არაერთხელ ჩავაყანეთ მშობლები, თუმცა რეაგირება არ მომხდარა მათი მხრიდან," - გვეუბნება სკოლის დირექტორი მარინა მჭედლიძე. იგი განმარტავს, რომ აკადემიური მოსწრების დაბალი მაჩვენებელი განსაკუთრებით ფიზიკასა და ქიმიაში აისახა.

,,ეს ისეთი საგნებია, რაზეც პედაგოგის გარეშე სწავლა შეუძლებელია. თუ ბავშვმა სკოლაში არ იარა, ვერ აითვისებს ამ საგანს" - განმარტავს იგი. სკოლის დირექტორი იმასაც ამბობს, რომ ხშირი გაცდენების გამო, წინა მე-10 კლასის სამი მოსწავლე კლასში ჩარჩა.

შავშვების სკოლაში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, რამდენიმე დასახლებიდან დადიან: დევნილთა დასახლება, წითელუბანი, ნაწრეტი, ნადარბაზევი, საკუთრივ შავშვები. სკოლას ერთი ავტობუსი ემსახურება.

ზამთრის პერიოდში მოსწავლეების მდგომარეობის შესახებ რეპორტაჟი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ჯერ კიდევ 2017 წლის დასაწყისში მოამზადა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები