ახალი ამბები
კასპის ქვემო ჭალაში შარშან გაკეთებული და წელს დაზიანებული წყლის სისტემა გაარემონტეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში სასმელი წყლის ის სისტემები გაარემონტეს, რომელიც 2017 წლის შემოდგომით გაკეთდა და რამდენიმე თვეში მწყობრიდან გამოვიდა. ამის შესახებ საკრებულოს ბოლო სხდომაზე ისაუბრეს.

საკრებულოს აპარატის ცნობით, დეპუტატებმა ქვემო ჭალის წარმომადგენელს მოუსმინეს. თავმჯდომარე დავით ლეონიძე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ მშენებელმა კომპანიამ დაზიანებული კერები აღადგინა:

,,სხდომაზე მოვუსმინეთ მერიის წარმომადგენლებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ დაზიანებული ადგილები იმავე კომპანიამ აღადგინა, რომელმაც ეს სისტემა გააკეთა," - აცხადებს დავით ლეონიძე.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ სოფელ ქვემო ჭალაში ორ ადგილზე წყლის სისტემა დაზიანდა. მის შესაკეთებელად მერიის ბალანსზე რიცხულ კომპანია ,,სოფლის წყალს" დაუკავშირდნენ. ,,სოფლის წყალის" წარმომადგენელმა ზურაბ ბახტაძემ განაცხადა, რომ დაზიანებული ადგილების რეაბილიტაცია მას მოუწევდა.

ფაქტის შესახებ არაფერი იცოდა ვიცე-მერმა ზაზა მარიდაშვილმა, თუმცა შარშან გაკეთებული სისტემის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, საგანგაშო ვერაფერი დაინახა:

,,ეს არის არა თუ ჩვეულებრივი ამბავი, არამედ არაჩვეულებრივი ამბავი. რას ვიზამთ, ხდება ხოლმე," - განაცხადა ზაზა მარიდაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში.

ზაზა მარიდაშვილთან ინტერვიუს შემდეგ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,სოფლის წყალის" დირექტორი დაუკავშირდა და სტატიიდან ,,სოფლის წყალის" სახელით გაკეთებული კომენტარის წაშლა მოითხოვა. ჩვენს პასუხზე, რომ მას ინტერვიუს ჩანაწერს წარვუდგენდით, მოთხოვნაზე უარი განაცხადა.

ფოტოზე: კასპის ვიცე-მერი ზაზა მარიდაშვილი
Print

სტატიის გამოყენების პირობები