ახალი ამბები
დევნილ ქალებთან ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის თემებზე დისკუსია გაიმართება
ორშაბათს, 2 ივლისს, 12 საათზე, გორის დემოკრატიის სკოლაში (ბერუაშვილის N 12) ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკი დევნილ ქალებთან შეხვედრას გამართავს. საუბარი ოჯახში ძალადობასა და ფემიციდს შეეხება. დისკუსია ქალთა ფონდის მხარდაჭერით მოეწყობა, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტში კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი ახორციელებს. დემოკრატიის სკოლაში დაგეგმილ შეხვედრაზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

,,კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი უკვე ორი თვეა ახლორციელებს „ პროექტს ,,ცნობიერების ამაღლების კამპანია რეგიონში ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დასაძლევად“, რომლის ფარგლებში სხვადასხვა თემაზე ვმართავთ შეხვედრებს სამიზნე ჯგუფებთან. 2 ივლისს ჩვენ გვინდა შევხვდეთ დევნილ ქალებს, რომლებთანაც ვისაუბრებთ ძალადობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის გზებზე. ამ გზით ჩვენ გვსურს ხელი შევუწყოთ ადგილნაცვალ პირებში, კონკრეტულად კი ქალებში ცნობიერების ამაღლებას. მათ ნამდვილად შეუძლიათ სოციალური ცვლილებების განხორციელება. პროექტის სამიზნე ჯგუფს ქალები და ახალგაზრდა გოგონები, დედები, პედაგოგები, წარმოადგენენ დევნილთა ჩასახლებიდან - ხურვალეთი, კარალეთი, საქაშეთი, ვერხვები, სკრა.“-ამბობს კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის წარმომადგენელი მარიამ თედლიაშვილი.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ნოემბრამდე სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი, მათ შორის შეხვედრა/დისკუსიები ისეთ თემებზე როგორიცაა სექსუალური შევიწროვება, ბულინგი ,უნარების გაძლერებისთვის პროექტის წერის ტექნიკები და ა.შ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები