ახალი ამბები
გორის რესტორნებისა და კაფე-ბარების მიმდებარედ საქმიანობა გარე ვაჭრობად აღარ ითვლება
პროექტის მიხედვით, რომელიც გორის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, რესტორნის, კაფე - ბარის და სხვა ობიექტების მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და სხვა ნივთის განლაგება, აღარ ჩაითვლება გარე ვაჭრობად. ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გაწევა არსებული რესტორნიდან, კაფე - ბარიდან და სხვა ობიექტიდან ხდება.

შესაბამისად, მიღებული დადგენილების მიხედვით, აღნიშნულ ობიექტების მეპატრონეების მიმართ გარე ვაჭრობის რეგულირებასთან დაკავშირებული ნორმები არ ვრცელდება.

გორის საკრებულოში გარე ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცვლილელებიც დაამტკიცეს. ეს ცვლილებები საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის საფუძველზე გაითვალისწინეს.

კერძოდ, დაზუსტდა, რომ ტექსტში გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრული ,,ადგილების განკარგვის" ნაცვლად გამოყენებული იქნება ტერმინი - ადგილების გამოყოფა.

ასევე, დაკონკრეტდა, რომ „გარე ვაჭრობისთვის გამოყოფილ ადგილებზე გარე ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ აღნიშნული ადგილების სარგებლობის უფლებით გაცემისას. აღნიშნულ ადგილებზე გარე ვაჭრობის მოწყობის ორგანიზებას უზრუნველყოფს სარგებლობის უფლებით მიმღები, ამ წესითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

სარგებლობის უფლებით მიმღებს უფლება აქვს განახორციელოს გარე ვაჭრობა გადაცემულ ტერიტორიაზე უშუალოდ ან/და მესამე პირების მეშვეობით.

აიკრძალება სუნელებითა და სანელებლებით გარე ვაჭრობა.

დაზუსტდა, რომ გარე მოვაჭრეს შეუძლია განახორციელოს როგორც საკუთრივ მაღაზიის მიერ წარმოებული, ასევე მაღაზიის მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეძენილი ხილ-ბოსტნეულით გარე ვაჭრობა.

გარე ვაჭრობის ადგილების საპრივატიზაციო ფასი და ქირის ყოველთვიური ფასი დადგინდება, კონკრეტული ადგილის სარგებლობის უფლებით გაცემისას, შემდეგი ნორმატიული აქტების შესაბამისად:

„მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებისა და „გორის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 მარტის №20 დადგენილების შესაბამისად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები