ახალი ამბები
გორში ყაჩაღობის ადგილზე დაგდებული სიგარეტის ნამწვი მტკიცებულებად იქცა
გორში, სულხან-საბას ქუჩაზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე 34-წლის მამაკაცს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის თაობაზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 26 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება. მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დატოვა.

საქმე მოხუცი ქალბატონის დაყაჩაღებას ეხება, რომელიც 2015 წლის იანვარში მოხდა. გამოძიების მიხედვით, აწ უკვე მსჯავრდებული მამაკაცი სახლში მარტოდ მყოფ მოხუც ქალბატონს სიცოცხლის ხელყოფის მუქარით ძვირფასეულობის და ოქროულობის გადაცემას სთხოვდა. ოჯახის სხვა წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პირი, რომელსაც აღნიშნული დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად, მხოლოდ ვარაუდის საფუძველზეა დაკავებული. პროკურატურამ სასამართლო პროცესზე ექსპერტიზის დასკვნები წარადგინა, რომლის მიხედვით, სიგარეტის ნამწვზე მსჯავრდებულის გენეტიკური კვალი აღმოჩნდა.

,,შემთხვევის ადგილიდან (შესასვლელი ოთახის იატაკიდან და კიბის საფეხურიდან) ამოღებულ სიგარეტის ნამწვებზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი იდენტურია ბრალდებულის ნერწყვის გენეტიკური პროფილისა," - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც საბოლოოა და აღარ საჩივრდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები