ახალი ამბები
ღამის ბაზრობა გორში (PHOTO/VIDEO)
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა ღამის 12 საათიდან დილის 5 საათამდე ვაჭრებს ლომჭაბუკის ძეგლთან ელოდებიან. სოფელ რეხის მკვიდრი, გოჩა ქარელიშვილი ამბობს, რომ ღამის ვაჭრობის წესი, თვითონ, გადამყიდველებმა დააწესეს.

,,თვითონ ესე აწყობთ. ღამე იყიდიან აქაურ პროდუქტს და მიაქვთ, რათა დილით უკვე თბილისის თუ დასავლეთ საქართველოს ბაზარზე ჩაიტანონ გასაყიდად," - გვეუბნება გოჩა ქარელიშვილი, რომელმაც გასაყიდად ბალი სოფლიდან ჩამოიტანა.

ბალს გადამყიდველები კილოგრამს 2 ლარად იბარებენ: ,,ამაზეც გვეუბნებიან-ხოლმე, ძვირიაო. ჩვენ კიდევ სხვა გზა არა გვაქვს, უკან ხომ არ წავიღებთ. შარშან 2.5 ლარი ღირდა." - ამბობს გოჩა ქარელიშვილი.

როგორც ირკვევა, ბაზარზე გორის ხილის გამოჩენისთანავე ფასები ეცემა, სავარაუდოდ, ჭარბი პროდუქციის გამო. სხვა დროს კი, მაგალითად, მარნეულიდან ჩამოტანილ კიტრს ან პომიდორს ,,ცეცხლის ფასი" აქვს (ძვირია).

გლეხების ნაწილს ურჩევნია, რომ ხილი ლომჭაბუკთან გაყიდოს, თუნდაც ეს ღამით იყოს. ამ დროს, მათ გადასახადს არავინ სთხოვს, ხოლო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრები საყვედურს, მხოლოდ, მანქანების არასწორ დგომის გამო, ეუბნებიან:

,,ზევით ცენტრალურ ბაზარზე რომ დავდგეთ, გადასახადი უნდა ვიხადოთ. ჯერ სულ რა გვრჩება," - ამბობენ ისინი. ოჯახურ პირობებში მოყვანილი პროდუქციის მფლობელები ამბობენ, რომ ცენტრალურ ბაზრის ტერიტორიაზე ხილი ძირითადად ბითუმად იყიდება:

,,იქაც რა, სულ ვაჭრები არ ყიდიან? აგროვებენ სოფლებში ხილს და შემდეგ ჩამოაქვთ გორში. მაგათთან, ძირითადად, ბათუმელები და დასავლეთ საქართველოს სხვა ქალაქებიდან ჩამოსული ვაჭრები მიდიან," - ამბობენ ლომჭაბუკის ძეგლთან მდგარი გლეხები.

ლომჭაბუკის ტერიტორიაზე თითქმის ერთი წელია გარე ვაჭრობა კატგორიულად აიკრძალა. ამით, განსაკუთრებით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა იხეირეს. 



Print

სტატიის გამოყენების პირობები