ახალი ამბები
სურამის სანიაღვრე არხების შესახებ კომპანიაში განმარტებას აკეთებენ
,,ესენი ორი სხვადასხვა არხია. ერთი არხი ასფალტის გზას ეკუთვნის, ხოლო მეორე მთის ფერდობიდან წვიმის დროს წამოსულ ნიაღვრისთვის გაკეთდა," - აცხადებს კომპანია ,,ამხანაგობა განთიადის" ტექნიკური ინჟინერი ავთადილ ხაჩიძე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში.

მისი განმარტებით, მხოლოდ, ფოტოს ხილვით მოქალაქეებს შესაძლოა მართლაც ისეთი შთაბეჭდილება დარჩეთ, თითქოს არხები ერთმანეთს აცდენილია. ფოტო კომპანიის წარმომადგენელს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა აჩვენა.

,,პროექტის მიხედვით, გვევალებოდა გზის მოასფალტება სანიაღვრე არხით. როგორც ფოტოზეა აღნიშნული, გზას საკუთარი სანიაღვრე არხი უკვე გააჩნია. გზის შემკრები არხი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ გზაზე მოსული ნალექი მის არხმა გაატაროს. მაგრამ, აქ დადგა ახალი საკითხი, თუ როგორც გაატარებდა გზის კუთვნილი სანიაღვრე არხი მთის ფერდობიდან წამოსულ ნიაღვარს? ამის გათვალისწინებით, ჩვენი ხარჯებით, გავაკეთეთ მეორე სანიაღვრე არხი, რომელიც ერთი შეხვედრით დაუმთავრებელია, თუმცა ის ღია სისტემით უერთდება რამდენიმე მეტრის შემდეგ, მილებს," - აცხადებს ავთანდილ ხაჩიძე.

კომპანიის წარმომადგენელი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მთის ფერდობიდან დაშვებული ნიაღვარი არ მოხვდება მოასფალტებული გზის სანიაღვრე არხთან, რადგან მას სხვა მიმართულება აქვს მიცემული.

ფოტოები სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.

დაბა სურამში, 26 მაისის ქუჩის რეაბილიტაცია 2018 წლის მარტიდან დაიწყო. სამუშაოებისთვის 552 000 ლარი იხარჯება და თანხის ძირითადი ნაწილი რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო.




Print

სტატიის გამოყენების პირობები