ახალი ამბები
6 თვეში პოლიციამ 202 უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შს სამინისტროს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე, თბილისში, სამეგრელოში, აჭარაში, იმერეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში სხვადასხვა სისტემისა და მოდელის 202 უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და 1877 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ბოლო მონაცემებით, სამართალდამცველებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ახალქალაქში რუსეთის მოქალაქე ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, საიდანაც ამოიღეს დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: პისტოლეტი, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 218 საბრძოლო ვაზნა, ხელყუმბარა, სანადირო თოფის კონდახი და ე.წ. ცევეო, ოპტიკური სამიზნე და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული რ.უ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, „მაკაროვისა“ და „გოლდსტარის“ სისტემის პისტოლეტები, 3 მჭიდი და 40 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები