ახალი ამბები
გორის ბაზარში სამუშაოდ წასული მამაკაცი ,,გორმედში" მოათავსეს - ახალი პროგრამა ცხელ დღეებში
დღეს, 32-წლის მამაკაცი ,,გორმედში" მწვავე ინფექციური დაავადებისა და მზისგან გამოწვეული პრობლემების ფონზე, მოათავსეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

ინფექციური განყოფილების უფროსი, ლია კალანდაძე ამბობს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ე.წ. მზის დაკვრას და ღია პირობებში სავარაუდოდ გაურკვეველი წარმოშობის საკვების მიღებას.

გორის ბაზარში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში აღმოჩნდა. მას უკვე ახალი პროგრამა შეეხო, რომლის მიხედვით, თითოეულ მოქალაქეს ინფექციური, განსაკუთრებით, ინტოქსიკაციის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, გამოკვლევები უფასოდ უტარდება.

,,პროგრამა 3-თვიანია და ძირითადად ზაფხულის პერიოდს მოიცავს. პაციენტის ბიოლოგიური მასალა იგზავნება ლაბორატორიაში გამოკვლევებისთვის. იქიდან მიღებული პასუხი თავის მხრივ სპეციალისტებს ეხმარებათ მკურნალობის სწორად წარმართვაში," - აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი მარი გიუნაშვილი.

მისი განმარტებით, კვლევების ნაწილი უფასოა და ის ვრცელდება, როგორც სტაციონარულ, ასევე, ამბულატორიულ პაციენტებზე.

,,გორმედის" ინფექციური განყოფილების უფროსი ლია კალანდაძე განმარტავს, რომ ცხელი დღეების განმავლობაში, აუცილებელია სითხის დიდი რაოდენობით მიღება, განსაკუთრებით წყლის. იგი პაციენტებს ურჩევს, რომ მოცემულ შემთხვევაში თავი შეიკავონ გაზიან სასმელების მიღებისგან (ფანტა, კოკა-კოლა). მინერალური სასმელები ეფექტურია ჯანმრთელი ადამიანისთვის, ხოლო დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, უმჯობესია უგაზო მინერალური სასმელების მიღება.

ლია კალანდაძე აცხადებს, რომ ყოველთვის დაუშვებელია ინტოქსიის გამომწვევ მიზეზად საზამთროს მიღება, როგორც ამას მოქალაქეები ჩვეულებრივ პირობებში უჩივიან:

,,ცხელ დღეებში ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს, ეს იქნება ოფლით, მზეზე დგომით, სითხის მიუღებლობით და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ თბილი, მზეზე ნადგამი ნებისმიერი საკვების მიღებისგან. კარგი იქნება ასევე თუ ასეთ დროს არ მიიღებენ შემწვარ-მოხრაკულ საკვებს" - აცხადებს ინფექციური დაავადების სპეციალისტი.

რაც შეეხება ე.წ. მზის დაკვრას, სპეციალისტი მოსახლეობას ურჩევს, რომ გამოიყენონ კეპი ან თავსაბურავი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები