ახალი ამბები
სიყვარულის საათი ,,4YOU" - ში - გორში ლატვიური კაფე გაიხსნა
გორში კაფე ,,4-YOU" (ფორიუ) გაიხსნა. სახელწოდება მფლობელთა რაოდენობიდან გამომდინარეობს და ინგლისურად ნიშნავს ,,თქვენთვის".  ოთხი მფლობელიდან სამი ლატვიელია, ერთი კი, - ადგილობრივი.

წელიწადნახევრის წინ, ლატვიელები გორის მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის მიერ მოწყობილ ბიზნესფორუმზე გორში ჩამოვიდნენ. მიხვდნენ, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება შესაძლებელია. ლატვიაში მათ ორი რესტორანი უკვე აქვთ, ორივე დაშორებულია დედაქალაქიდან. 

,,ბიზნესის დასაწყებად გორი გამორჩეულია რამდენიმე ფაქტორით. პირველი ის, რომ აქ ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის, როგორც სტალინის მუზეუმში, ასევე, უფლისციხეში. ასევე, დიდი პოტენციალია, რომ ქალაქი გაიზარდოს, რადგან ახლოს მდებარეობს თბილისთან; სადაც არ არის სუფთა ჰაერი, ასევე, მწვანე საფარი. პატარა ქალაქები ყოველთვის იზრდება, რადგან დედაქალაქში დასაქმებული ხალხი საცხოვრებლად ქალაქგარეთ გადის. ასე მოხდა, მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში და ეს გარემოება აქ მომავალში აუცილებლად იქნება შესამჩნევი" - ამბობენ ლატვიელი მფლობელები.



ახალ კაფეში შესულ მომხმარებლებს სთავაზობენ ლატვიურ საკვებს. ინიტა კირსე ამბობს, რომ ყოველკვირეულად მენიუ შეიცვლება, ასევე, პროდუქტი არ მზადდება მარგარინისგან, არამედ კარაქისკან, რაც ბავშვებისთვისაც კარგია.

კაფეში ბიზნესლანჩებს მოამზადებენ, როგორც სამარხვო, ასევე, ჩვეულებრივი მენიუს ფარგლებში. განსაკუთრებული შეთავაზებებია წვეულებების დროს. დაბადების დღეებზე ფასდაკლებებია, ხოლო დროის გარკვეულ მონაკვეთში დაწესდება ,,სიყვარულის საათი". ,,სიყვარულის საათის" პერიოდში შესული კლიენტი დამატებით სასმელებს მიიღებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები