ახალი ამბები
ქვახვრელში სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში 100 000 ლარი გაანაწილეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში დღეს 100 000 ლარი გაანაწილეს. სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ხარჯვაზე დაახლოებით 30-კაციან კრებაზე იმსჯელეს.

უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სოფელ ქვახვრელში ძიუდოს დარბაზში სველი წერტილები გაკეთდება, მინი სტადიონი მოწესრიგდება. თანხის ნაწილი სოფელ უფლისციხეში სკვერის მოწყობისთვის დაიხარჯება.

პროექტის კოორდინატორი, ნინო გოლოშვილი ამბობს, რომ მერიის მხრიდან მხოლოდ საინფორმაციო კამპანია ხორციელდება:

,,ჩვენ მოსახლეობას ავუხსენით, თუ როგორ უნდა განაწილდეს ეს თანხა, რომელიც თითოეული თემისთვის გამოიყო. ეს პროცესი 9 ივლისს ატენიდან დაიწყო. რატომ მოხდა, რომ გორის მერი მხოლოდ პირველ სხდომას დაეწრო, ამაზე ვერ გიპასუხებთ" - აცხადებს ნინო გოლოშვილი.

კრების მონაწილე ავთანდილ მირუაშვილი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მართლაც მისაღებია, თუმცა, მისთვის უმჯობესია, ქვახვრელის საბავშვო ბაღი გაკეთდეს, რომელიც კერძო სახლშია განთავსებული. პედაგოგი ლიზა მახარაშვილის თქმით, ნალექის დროს გაუსაძლისია სოფლის შიდა გზებზე მოძრაობა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები